ახალი ამბები

კიევში პირველად გამოეხმაურნენ დრონებით თავდასხმას მოსკოვზე

30 მაისი, 2023 • 1113
კიევში პირველად გამოეხმაურნენ დრონებით თავდასხმას მოსკოვზე

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა, მოსკოვზე დრონებით თავდასხმასთან დაკავშირებით უკრაინული Breakfast Show-ს ეთერში ისაუბრა, რომელიც “იუთუბით” გადაიცემა.

საუბარია 30 მაისს განხორციელებულ თავდასხმაზე მოსკოვსა და მის შემოგარენში. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მომხდარში უკრაინა მალევე დაადანაშაულა.

“მოგეხსენებათ, ჩვენ ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში გადავედით. შესაძლოა, ყველა დრონი არ არის მზად იმისთვის, რომ უკრაინას შეუტიონ და სურთ, უკან, თავიანთ შემქმნელებთან დაბრუნდნენ, რათა ჰკითხონ მათ: რატომ გვაგზავნით უკრაინელ ბავშვებზე [თავდასასხმელად]?..” — დასძინა მან.

პოდოლიაკმა ასევე გაუსვა ხაზი, რომ კიევი ყოველდღიურად ხდება რუსეთის თავდასხმების ობიექტი.

“ყველა ადამიანი, ვინც ფიქრობს, რომ შეუძლია, აწარმოოს ცალმხრივი თამაში; რომ შესაძლებელია სხვა სუვერენული სახელმწიფოს განადგურება აბსოლუტურად დაუსჯელად — 15 თვის შემდეგაც ვერ გაიგეს, რომ 2014 წელი არ ექნებათ?” — თქვა პოდოლიაკმა, მიანიშნა რა პერიოდზე, როცა რუსეთმა ყირიმის ნახევარკუნძულის ანექსია გამოაცხადა და უკრაინის აღმოსავლეთში სამხედრო კამპანია დაიწყო პრორუსი სეპარატისტების ხელით.

საპასუხოდ ჟურნალისტის შეკითხვისა, არის თუ არა უკრაინა გარეული მოსკოვზე თავდასხმაში, პოდოლიაკმა თქვა:

“სიამოვნებით ვუყურებთ და ვპროგნოზირებთ, რომ შეტევების რიცხვი გაიზრდება. თუმცა, რა თქმა უნდა, არანაირი პირდაპირი კავშირი არ გვაქვს”.

რუსეთის ხელისუფალნი ამბობენ, რომ ხსენებული თავდასხმის შედეგად მცირედ დაზიანდა რამდენიმე შენობა, ორ ადამიანს კი სამედიცინო დახმარება დასჭირდა, თუმცა სერიოზულად არავინ დაშავებულა.

ოფიციალურ პირთა განცხადებით, 3 დრონს კონტროლი დააკარგვინეს, რის შემდეგაც აპარატებმა სამიზნეებს გადაუხვიეს, 5 კი — ჩამოაგდეს. დაუდასტურებელი ცნობებით, რუსეთის დედაქალაქზე თავდასხმაში 20-ზე მეტი დრონი იყო ჩართული.

მოსკოვში მომხდარს წინ უძღოდა მასობრივი თავდასხმები უკრაინის დედაქალაქზე. მხოლოდ მაისში კიევზე 17 თავდასხმა განხორციელდა. უკრაინის ხელისუფალთა თანახმად, ბოლო თავდასხმის შედეგად, რომელიც გასულ ღამეს მოხდა, 20 რუსული დრონი ჩამოაგდეს.

უკრაინელი სამართალდამცავების ბოლო ცნობებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 13 ადამიანი. კიევის ოლქიდან პოლიციამ ათეულობით შეტყობინება მიიღო სახლების, ოფისების, მაღაზიებისა და მანქანების დაზიანების შესახებ.

კიევზე დრონებით თავდასხმას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 4 დაშავდა

მასალების გადაბეჭდვის წესი