ახალი ამბები

დრონებით თავდასხმა მოსკოვზე — რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს

30 მაისი, 2023 • 1075
დრონებით თავდასხმა მოსკოვზე — რუსეთი უკრაინას ადანაშაულებს

რუსეთის ხელისუფალთა განცხადებით, 30 მაისის დილით მოსკოვსა და მის შემოგარენზე დრონებით განხორციელებულ თავდასხმას მცირე ზიანი მოჰყვა. ისინი მომხდარში უკრაინას ადანაშაულებენ.

ოფიციალური პირები ამბობენ, რომ 3 დრონს კონტროლი დააკარგვინეს, რის შემდეგაც აპარატებმა სამიზნეებს გადაუხვიეს, 5 კი — ჩამოაგდეს. დაუდასტურებელი ცნობებით, რუსეთის დედაქალაქზე თავდასხმაში 20-მდე დრონი იყო ჩართული.

მოსკოვში აცხადებენ, რომ მომხდარის შედეგად მცირედ დაზიანდა რამდენიმე შენობა, ზოგიერთ ადამიანს კი სახლების დატოვება მოუწია.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში დრონებით შეტევას “კიევის რეჟიმის” “ტერორისტულ თავდასხმას” უწოდებენ. მოგვიანებით, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა უარყო კიევის პირდაპირი კავშირი თავდასხმასთან.

ქალაქის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, ორ ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, თუმცა სერიოზულად არავინ დაშავებულა.

როგორც BBC-ს მოსკოვში მცხოვრები ჟურნალისტი სტივ როზენბერგი წერს, აფეთქების ხმა 06:24 საათზე გაიგო, დაახლოებით ერთ საათში კი კიდევ ერთმა ასეთმა ხმამ მიაღწია მის ბინას.

“სოციალურ ქსელში საუბრების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მოსკოვის რაიონშიც ბევრმა სხვა ადამიანმაც გაიგო [ეს ხმები]”.

კიევში მოსკოვის ბრალდებას ჯერჯერობით არ გამოხმაურებიან.

მოსკოვში მომხდარს წინ უძღოდა მასობრივი თავდასხმები უკრაინის დედაქალაქზე. მხოლოდ მაისში კიევზე განხორციელდა 17 თავდასხმა. უკრაინის ხელისუფალთა თანახმად, ბოლო თავდასხმის შედეგად, რომელიც გასულ ღამეს მოხდა, 20 რუსული დრონი ჩამოაგდეს.

უკრაინელი სამართალდამცავების ბოლო ცნობებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 13 ადამიანი. კიევის ოლქიდან პოლიციამ ათეულობით შეტყობინება მიიღო სახლების, ოფისების, მაღაზიებისა და მანქანების დაზიანების შესახებ.

კიევზე დრონებით თავდასხმას 1 ადამიანი ემსხვერპლა, 4 დაშავდა

მასალების გადაბეჭდვის წესი