ახალი ამბები

ღარიბაშვილმა რუსეთზე შეკითხვის გამო მკვლევარს ოპოზიციონერი, შეკითხვას კი პროვოკაციული უწოდა

30 მაისი, 2023 • 2483
ღარიბაშვილმა რუსეთზე შეკითხვის გამო მკვლევარს ოპოზიციონერი, შეკითხვას კი პროვოკაციული უწოდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავში გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე პროვოკაციული უწოდა „ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” (EPRC) უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელის, შოთა ღვინერიას მიერ დასმულ შეკითხვას — აქვს თუ არა მთავრობას გააზრებული, თუ რა გავლენა ექნება უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე რუსეთზე დამოკიდებულების ზრდას და ურთიერთობების დაჩქარებას, იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინასთან ომში დამარცხდება.

ღარიბაშვილმა ამ კითხვის საპასუხოდ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი დარბაზს ოპოზიციონერად გააცნო და მას ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში დასდო ბრალი. კერძოდ, მისი თქმით, სიცრუეა, რომ რუსეთთან ურთიერთობები გააქტიურდა.

“ამ კრიმინალური და ტერორისტული ომის შემდეგ, რომელიც რუსეთმა დაიწყო უკრაინაში, თქვენ დააჩქარეთ რუსეთთან ურთიერთობები და გაზარდეთ საქართველოს დამოკიდებულება რუსეთზე. ერთი მხრივ, თავისი არსით ეს გამორიცხავს სანდო პარტნიორობას ევროკავშირთან და ნატოსთან. ამიტომ, ჩემი კითხვა არის ასეთი: გააზრებული გაქვთ შედეგები, თუ რუსეთი დამარცხდება ამ ომში, რა გავლენა ექნება ამას საქართველოზე”, — ჰკითხა ღვინერიამ ღარიბაშვილს.

ამ კითხვის საპასუხოდ ღარიბაშვილმა დარბაზს მიმართა შემდეგი სიტყვებით:

“დარბაზისთვის მინდა ვთქვა, ვინ არის ეს ადამიანი. ის არის ოპოზიციის რიგებიდან. ის იყო ჩვენი მთავრობის წევრი ორიოდე წლის წინ. ცოტათი უცნაური არ არის, რომ ჩამოვიდა ბრიუსელში, შემდეგ ბრატისლავაში და ეს პროვოკაციული შეკითხვა დამისვა?!

ყველას ესმის ამ დარბაზში, რომ საქართველო აჩვენებს ძალიან გონივრულ, ძალიან პრაგმატულ, საკმაოდ უნიკალურ დამოკიდებულებას. ჩვენ ამ რთულ ვითარებაში ნავიგაციას ვცდილობთ და თან წინ მივიწევთ ევროკავშირის გზაზე და ვდებთ კონკრეტულ, ხელშესახებ შედეგებს…

ნებისმიერი ადამიანი ჩვენს ქვეყანაში იტყვის, რომ ჩვენი [მთავრობის] გაკეთებულია ევროკავშირის გზაზე ყველაფერი. ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩვენ გავაკეთეთ მაქსიმუმი, ეს არის რეალობა. ამიტომ, აქცენტის გაკეთება ჯობს ოპოზიციისა და მთავრობის გაერთიანებაზე, ჩვენ უნდა ვიყოთ ერთიანი.

ასეთი ყალბი ინფორმაციის გავრცელება არ უნდა ხდებოდეს — რუსეთთან ურთიერთობები გააქტიურდაო, ასეთი ყალბი ინფორმაციის ხსენება არ არის მართებული. ეს არის ჩვენი ქვეყნის ინტერესებში, ამიტომ ამ ადამიანის არჩევანია და ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ დარბაზისთვის მინდა განვმარტო, რომ ყველაფერს ვაკეთებთ საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად”, — უპასუხა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პასუხის შემდეგ მას შეკითხვით მიმართა ფრანგმა ჟურნალისტმა, რომელმაც აღნიშნა, რომ ღარიბაშვილის პასუხი იყო პოლარიზაციის მაგალითი და სთხოვა განემარტა, რატომ არ ეთანხმებოდა ღვინერიას, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა:

“თუ გვინდა შემდეგი გლობსეკის სამიტზე თავიდან ავიცილოთ მსგავსი კითხვები და მსგავსი პოლარიზაცია, მოგვანიჭეთ სტატუსი მაშინ. სტატუსი დაასრულებს პოლარიზაციას”.

შოთა ღვინერია 2017 წლიდან “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის” უფროსი მკვლევარია. მანამდე, სხვადასხვა დროს სახელმწიფო თანამდებობები ეკავა, მათ შორის 2010-2014 წლებში იყო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ნიდერლანდების სამეფოში. 2016-2017 წლებში – საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩი, 2017-2018 წლებში- ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე. მანამდე, 2015-2016 წლებში კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი