ახალი ამბები

“ძალიან თამამი და ძლიერი განცხადება” — კალიურანდი 26 მაისს ზურაბიშვილის გამოსვლაზე

29 მაისი, 2023 • 845
“ძალიან თამამი და ძლიერი განცხადება” — კალიურანდი 26 მაისს ზურაბიშვილის გამოსვლაზე

ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი დადებითად აფასებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართვას და აცხადებს, რომ მოუთმენლად ელის ზურაბიშვილს ევროპარლამენტში. ამის შესახებ განცხადება მან გუშინ, 28 მაისს ტვიტერზე გააკეთა.

“პრეზიდენტის ძალიან თამამი და ძლიერი განცხადება საქართველოს დამოუკიდებლობის დღეზე. მოუთმენლად ველი პრეზიდენტ ზურაბიშვილის მოსმენას მომავალ კვირას ბრიუსელში, ევროპარლამენტში”, — წერს ევროპარლამენტარი.


26 მაისს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ოფიციალური მიმართვისას მწვავედ გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ანტიდასავლური პოლიტიკის გამო.

პრეზიდენტმა ხელისუფლების ქმედებების გამო ბოდიში მოუხადა აგვისტოს ომის გმირის, გიორგი ანწუხელიძის ოჯახს, ასევე, გიგა ოთხოზორიას ოჯახს, რომელიც აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან რამდენიმე წლის წინ მოკლეს.

ზურაბიშვილმა გააკრიტიკა ხელისუფლება იმის გამო, რომ ანტიდასავლური პოლიტიკისა და რიტორიკის ფონზე შვილებს ევროპა-ამერიკაში გზავნიან. რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ პრემიერ ღარიბაშვილის შვილი აშშ-ში, პენსილვანიის უნივერსიტეტში ჩაირიცხა.

მან ხელისუფლება ასევე გააკრიტიკა ქვეყანაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სანქცირებული შვილის შემოშვების, ფრენების აღდგენისა და სხვა ქმედებების გამოც.

პრეზიდენტის გამოსვლისას, რომელიც ქვეყანას თავისუფლების მოედნიდან პირდაპირ ეთერში მიმართავდა, იქვე მყოფი ადამიანებისგან ისმოდა საპროტესტო შეძახილები. ღონისძიებას მხოლოდ ოფიციალურად მიწვეული პირები ესწრებოდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი