ახალი ამბები

“40-ზე მეტი დრონი ჩამოვაგდეთ” —  მასშტაბური თავდასხმა კიევზე

28 მაისი, 2023 • 1527
“40-ზე მეტი დრონი ჩამოვაგდეთ” —  მასშტაბური თავდასხმა კიევზე

27 მაისის ღამით რუსეთმა უკრაინის დედაქალაქს კიდევ ერთხელ შეუტია. მოსკოვმა უპილოტო საფრენი აპარატები გამოიყენა. ხელისუფალთა ცნობით, დაღუპულია, მინიმუმ, ერთი ადამიანი.

კიევის სამხედრო ადმინისტრაციის წინასწარი ცნობით, ეს იყო ირანული “შაჰიდის” ტიპის დრონებით განხორციელებული ყველაზე დიდი შეტევა დედაქალაქზე, სრულმასშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე.

“შეტევა რამდენიმე ტალღად განხორციელდა, საჰაერო განგაში კი 5 საათს გრძელდებოდა!” — აღნიშნავს ადმინისტრაცია.

უწყების წინასწარი მონაცემებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ 40-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა, დრონების ნამსხვრევების ჩამოცვენას კი ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა სხვადასხვა ადგილას.

“უკრაინსკა პრავდას” ინფორმაციით, ერთ-ერთ შემთხვევაში დაზიანდა 7-სართულიანი არასაცხოვრებელი შენობა და დაიღუპა ერთი ადამიანი, კიდევ ერთი კი — საავადმყოფოში გადაიყვანეს.

რამდენიმე ადგილას, მათ შორის, სავაჭრო ცენტრის სახურავზე, ხანძარი გაჩნდა.

რუსეთმა, რომელიც 2022 წლის თებერვლიდან სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს უკრაინაში, ბოლო პერიოდში კიევზე თავდასხმები გაახშირა. სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, გასული ღამის თავდასხმა რიგით მეთოთხმეტე იყო მაისის დასაწყისიდან დღემდე.

გარეკანის ფოტო: მაისის დასაწყისში კიევზე განხორციელებული შეტევისას ჩამოგდებული დრონი. Gleb Garanich/Reuters

მასალების გადაბეჭდვის წესი