ახალი ამბები

კობახიძე აკრიტიკებს მათ, ვისაც FB-ზე მხოლოდ ევროკავშირისა და უკრაინის დროშები უყენიათ

25 მაისი, 2023 • 1367
კობახიძე აკრიტიკებს მათ, ვისაც FB-ზე მხოლოდ ევროკავშირისა და უკრაინის დროშები უყენიათ

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ანტისახელმწიფოებრივ სპეკულაციას“ უწოდებს კრიტიკას იმის თაობაზე, რომ 26 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქების გარე გაფორმებაში ევროკავშირის დროშა არ ფიგურირებს.

კობახიძის თქმით, 26 მაისი არის ეროვნული დამოუკიდებლობის დღე, რომლის „ერთადერთი სუბიექტი არის ქართული სახელმწიფო და მისი დამოუკიდებლობა“.

„26 მაისი არის ის დღე, რომელიც თავიდან ბოლომდე აგებული უნდა იყოს ქართულ სიმბოლიკაზე. ერთადერთი გამონაკლისი იყო შარშანდელი წელი, რაც უკავშირდებოდა იმას, რომ ჩვენ ერთი თვით ადრე შევიტანეთ განაცხადი კანდიდატის სტატუსზე. არც მანამდე, წინა ხელისუფლების დროს და არც მომდევნო წლებში არასდროს სხვა ელემენტი არ იყო ჩართული 26 მაისის გაფორმებაში. 26 მაისი არის ერთადერთი რამის დღე — ეროვნული სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე“, — განაცხადა კობახიძემ.

მისი აზრით, ლოგიკურია, რომ 26 მაისს მხოლოდ სახელმწიფო ეროვნული ატრიბუტიკა გამოიყენებოდეს.

„პირიქით მინდა გავიხსენო ერთი რამ — საკმაოდ მრავლად არიან ჩვენს ქვეყანაში ადამიანები, ძირითადად ეს არიან ნაციონალები, ფსევდოლიბერალები და სამწუხაროდ, მათზე აყოლილი ჩვეულებრივი მოქალაქეებიც, რომლებსაც მაგალითად ფეისბუქზე უყენიათ ე.წ. ჩარჩო, სადაც გამოსახულია მხოლოდ უკრაინისა და ევროკავშირის დროშები. არავითარი საქართველო, არავითარი საქართველოს დროშა. ეს არის მათი დამოკიდებულება. ესენი არიან უსამშობლო ადამიანები. რატომ არ არის მათ ჩარჩოებზე გამოსახული საქართველოს დროშები, ამაზე გასცენ პასუხი „ნაციონალებმა“ და ფესვდოლიბერალებმა და არ დასვან სპეკულაციური კითხვები იმაზე, რაზეც კითხვა არ არის დასასმელი“, — დასძინა კობახიძემ.

ხვალ, 26 მაისს, საქართველო დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. შარშან, ამავე დღეს, პარლამენტის შენობაზე, საქართველო დროშებთან ერთად, ევროკავშირის დროშებიც ჩამოკიდეს, წელს კი ეს არ მომხდარა.

საქართველოს მოქალაქეების ნაწილმა სოციალურ ქსელში პროტესტი გამოთქვა იმის გამო, რომ დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით საჯარო სივრცეებიდან ევროკავშირის დროშა გაქრა და ეს მთავრობის კურსის ცვლილებას დაუკავშირეს.

„ალბათ, მალე ჩამოხსნიან ევროპის დროშას, რომელიც დღემდე ფრიალებს პარლამენტის წინ. ყველასთვის ცხადია, როგორ ვშორდებით ევროპას,“ — დაწერა ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ პირად ფეისბუკგვერდზე..

რაც შეეხება ოფიციალურ პოზიციას, მთავრობაში ამბობენ, რომ ყოველწლიურად გაფორმება სხვადასხვანაირია. უწყებას არგუმენტად მოჰყავს ასევე ისიც, რომ „წელს 26 მაისის გზავნილია „თავისუფლების სიყვარულით“. დედაქალაქისა და მთელი საქართველოს გარე-გაფორმება მოხდა ეროვნული სიმბოლიკით. შარშანდელი თემა იყო „ევროპისკენ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი