ახალი ამბები

53% ფიქრობს, რომ პარლამენტს რუსული კანონი არ უნდა მიეღო — კვლევა

24 მაისი, 2023 •
53% ფიქრობს, რომ პარლამენტს რუსული კანონი არ უნდა მიეღო — კვლევა

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ გამოკითხულთა უმრავლესობა — 53% — ფიქრობს, რომ პარლამენტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არ უნდა მიეღო.

20%-ის აზრით, პარლამენტს ეს კანონი უნდა მიეღო, 26%-მა კი პასუხი არ იცის.

კვლევა აჩვენებს, რომ ყველაზე მეტად კანონის მიღებას თბილისის მოსახლეობა, ახალგაზრდები, ოპოზიციის მხარდამჭერები და გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ეწინააღმდეგებოდნენ.

კვლევის საველე სამუშაოები მიმდინარე წლის 17-23 მარტს, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით ჩატარდა. რესპონდენტები მარტივი შემთხვევითი შერჩევის გზით. ინტერვიუები ჩატარდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე. ჩატარდა სულ 1 032 დასრულებული ინტერვიუ (14% გამოპასუხება). კვლევა საქართველოს მთლიანი მოსახლეობის (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა) წარმომადგენლობითია. შედეგების ცდომილების ზღვარი 2%-ია.

გარდა ამისა, 20-28 მარტს ჩატარდა კვლევა ფოკუს ჯგუფებში. ფოკუს ჯგუფების მონაწილე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები მიიჩნევენ, მონაწილეებისთვის კანონის ავტორების მიზანი „უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობა და გავლენების გამოვლენა იყო“ და ეს მიზანი გამართლებულია. მათი აზრით, უსამართლო იყო კანონისთვის რუსულის წოდება, რადგან მსგავსი კანონი დასავლეთშიც მოქმედებს და ხალხი სწორად ინფორმირებული არ იყო. მიუხედავად იმისა, რომ ფოკუს ჯგუფის მონაწილე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ამ კანონის მიღებას საჭიროდ მიიჩნევდნენ, ამავდროულად ამართლებენ კანონის გაწვევას და ამბობენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“, წინა ხელისუფლებისგან განსხვავებით, „ხალხის სიცოცხლე დაინდო“.

ფოკუს ჯგუფების კვლევის მონაწილე ოპოზიციის მხარდამჭერები ამბობდნენ, რომ კანონი მიზნად ისახავდა ენჯეოების კონტროლს, კრიტიკული მედიის ჩახშობასა და რუსეთის მსგავსი მმართველობის ჩამოყალიბებას. მათი აზრით, კანონი თავიდან ბოლომდე რუსული იყო — ასეთი კანონის მიღებით დაიწყო რუსეთში არასამთავრობო სექტორზე ნადირობის პროცესი. ოპოზიციის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ მთავრობამ ხალხის ძალის და არეულობის შიშით დაიხია უკან, თუმცა შიშობენ, რომ პარლამენტი ისევ ეცდება ამ კანონის გატანას.

ფოკუს ჯგუფებში გამოკითხული გადაუწყვეტელი ამომრჩევლები მიიჩნევენ, რომ კანონი მიზნად ისახავდა ენჯეოების და მედიის შევიწროებას, თუმცა გაჟღერდა გამჭვირვალობის საჭიროების ნარატივიც. მონაწილეები კანონს „რუსულს“ უწოდებენ და ფიქრობენ, რომ ადამიანებისთვის აგენტის წოდება არასწორია. ამასთან, ენდობიან ქვეყნის დასავლელ პარტნიორებს, რომლებიც კანონს აკრიტიკებდნენ. კითხვის პასუხად, უნდა მიგვეღო თუ არა კანონი, გადაუწყვეტელ ამომრჩევლებში გამოიკვეთა ორი ნარატივი: 1. თუკი მართლაც გამჭვირვალობის ხელშესაწყობადა, მაშინ მივიღოთ და 2. კანონი არავითარ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ. მონაწილეების თქმით, მთავრობამ უკან დაიხია ხალხის ძალის გამო და ასევე, იმოქმედა საერთაშორისო ზეწოლამაც.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერების თქმით, სამოქალაქო საზოგადოებას ამ კანონისა და გამჭვირვალობის შეეშინდათ და უსამართლოდ უწოდეს მათ რუსული. ფოკუს ჯგუფებში მონაწილე ოპოზიციის მხარდამჭერების ენჯეოები აქტიურები და ადეკვატურები იყვნენ, თუმცა კანონის დეტალები და მოსალოდნელი შედეგები უკეთ უნდა აეხსნათ ხალხისთვის. გადაუწყვეტელი ამომრჩევლების თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებს ზომიერი რეაქცია ჰქონდათ, გზა ახალგაზრდებს დაუთმეს და წვლილი შეიტანეს კანონის მიღებისთვის ხელის შეშლაში.

ფოკუს ჯგუფებში 20-28 მარტს კვლევა ჩატარდა. CRRC-ის კოორდინატორები ქალაქის რამდენიმე ცენტრალურ ადგილას აჩერებდნენ შემთხვევით გამვლელებს და სთავაზობდნენ განხილვაში მონაწილეობას, ან არჩევდნენ მონაწილეებს CRRC-ის გამოკითხვის ბაზებიდან. საველე სამუშაოები ჩატარდა 15 ფოკუს ჯგუფში თბილისში, აღმოსავლეთ და საქართველოს ქალაქებში და სოფლებში. თითოეული ტიპის დასახლებაში გამოიკითხნენ ჩატარდა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები, ოპოზიციური პარტიების მხარდამჭერები და გადაუწყვეტელი ამომრჩევლები.

კვლევა დაფინანსებულია დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მთავრობის საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების ოფისის კარგი მმართველობის ფონდის მიერ.

მასალების გადაბეჭდვის წესი