ახალი ამბები

ჩუტყვავილას აფეთქება, წითელას შემცირებული ვაქცინაცია | ივანე ჩხაიძის განცხადება

23 მაისი, 2023 • 1227
ჩუტყვავილას აფეთქება, წითელას შემცირებული ვაქცინაცია | ივანე ჩხაიძის განცხადება

ბოლო 5 წლის ფონზე წელს საქართველოში ჩუტყვავილას შემთხვევების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია მოსალოდნელი. ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ დღეს, 23 მაისს ისაუბრა.

მისი განმარტებით, როგორც წესი, ჩუტყვავილას შემთხვევების საგრძნობი მატება 2-5 წელიწადში ერთხელ ხდება. ბოლოს მსგავსი მატება 2018 წელს დაფიქსირდა, როდესაც ერთ წელში 10 196 ადამიანს დაუფიქსირდა ეს დაავადება, სხვა წლებში კი ეს რიცხვი 3-4 ათასს შორის მერყეობდა.

2023 წლის პირველ ოთხ თვეში 3 118 შემთხვევა უკვე დადასტურდა. ჩხაიძის თქმით, თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, წლის ბოლოს 10 ათასამდე შემთხვევა იქნება დაფიქსირებული.

თუმცა, მისი განმარტებით, ჩუტყვავილას სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი არ ახასიათებს, განსხვავებით წითელასგან. კერძოდ, ჩუტყვავილას შემთხვევაში 100 000 ინფიცირებულზე გარდაცვალების ერთი შემთხვევა ფიქსირდება, წითელას შემთხვევაში კი 3000 ინფიცირებულს შორის ერთი იღუპება.

იმუნიზაციის ჯგუფის ხელმძღვანელმა ბრიფინგზე წითელასთან დაკავშირებით ვაქცინაციის შემცირებულ მაჩვენებელზეც ისაუბრა. მისი თქმით, წითელას ვაქცინა ბავშვებში ორჯერ კეთდება — 1 და 5 წლის ასაკში. 2019 წელს საქართველოში 1 წლის ასაკის ბავშვებს შორის 100% იყო აცრილი, 5 წლის ასაკში კი 97%.

“ახლა პირველი ვაქცინის შემთხვევაში 100%-დან 90%-მდე ჩამოვედით, ხოლო მეორე ვაქცინაციის მაჩვენებელი 78%-ია. რიცხობრივად ეს არის 10 000 აუცრელი ადამიანი ქვეყანაში, რაც ნიშნავს, რომ თუ მშობლებმა სწრაფად არ გაიაზრეს თუ რა რისკი შეიძლება მოჰყვეს ამას, 10 000 არავაქცინირებული ბავშვი დაგვიბრუნდება მძიმე გართულებად, ენცეფალიტად, ფილტვების ანთებად. ძალიან მაღალია სერიოზული შემთხვევების რისკი”, — განმარტა ჩხაიძემ.

ამასთან, მისი განცხადებით კვლავ ფიქსირდება კორონავირუსის ახალი შემთხვევები და დადებითობის მაჩვენებელი 8%-ს შეადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი