ახალი ამბები

კობახიძის აზრით, მარტის აქციების ყველა მონაწილე ძალადობის თანამონაწილე იყო

19 მაისი, 2023 • 1229
კობახიძის აზრით, მარტის აქციების ყველა მონაწილე ძალადობის თანამონაწილე იყო

საქართველოს მმართველი პარტიის თავმჯდომარის აზრით, ძალადობის თანამონაწილე იყო ყველა ის ადამიანი, რომელიც 7-8 მარტის აქციებზე იდგა “რუსული კანონის” წინააღმდეგ.

ირაკლი კობახიძემ ამის შესახებ 19 მაისს, პარლამენტში ისაუბრა, სადაც შს მინისტრს უსმენენ.

ის განიხილავდა, თუ რამდენად მშვიდობიანი იყო აქციები, რომელთა შედეგადაც “ქართული ოცნება” იძულებული გახდა, გაეწვია რუსული სტილის კანონპროექტი უცხოური გავლენის აგენტების შესახებ.

“რაც შეეხება იმას, თუ რამდენად მშვიდობიანი იყო მანიფესტაცია. ნაწილობრივ მშვიდობიანი მანიფესტაცია — იურისტი ვარ და ადამიანის უფლებებში რაღაც მომეკითხება — მე ასეთი რამ ცოტა გაუგებარი მგონია.

როდესაც ძალადობა ხორციელდება ასეულობით მომიტინგის მხრიდან, ასეთ დროს ნებისმიერი კონკრეტულად არამოძალადე მომიტინგე რა თქმა უნდა ამაგრებს ამ ძალადობას. და ეს ხდებოდა, ეს იყო სურათი, რაც გვქონდა ჩვენ 7-8 მარტს.

ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ცოტა შორიდან, მაგრამ აკვირდებოდა ძალადობას, უყურებდა ძალადობას, იყო, რა თქმა უნდა, ძალადობის თანამონაწილე. ძალადობა არ ნიშნავს მაინც და მაინც უშუალოდ მოლოტოვის კოქტეილის სროლას. ყველა იყო ძალადობის გარკვეული ფორმით გამმაგრებელი და შესაბამისად, თანამონაწილე.

შესაბამისად, შეკრება თავიდან ბოლომდე იყო ძალადობრივი. ეს არ იყო ნაწილობრივ ძალადობრივი შეკრება. ეს იყო მთლიანად ძალადობრივი შეკრება”, — დასძინა მან.

კობახიძის თქმით, არსებობდა მანიფესტაციის დაშლის “ლეგიტიმური უფლება”, რადგან აქციამ “ძალადობრივი სახე მიიღო”.

“მოლოტოვის კოქტეილები და ქვები — აქაც ნახეთ, გაგრძელებაა მნიშვნელოვანი. გასაგებია, რაც მოხდა 7-8 მარტს. დანაშაული იქნა ჩადენილი მოძალადე მომიტინგეების მხრიდან — აქ ყველა მომიტინგეს, რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ, ვგულისხმობ იმ ადამიანებს, რომლებიც კონკრეტულად ჩადიოდნენ ამ ფორმით ძალადობას.

მაგრამ ამის შემდეგ რას ვხედავთ: თავიდან იყო თითქოს იმის მცდელობა, რომ დაეფარათ ეს დანაშაული, მაგრამ შემდეგ უკვე გადავიდნენ ამ დანაშაულის გამართლებაზე. დღეს პირდაპირი ფორმით კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლები ამართლებენ მოლოტოვის კოქტეილების სროლას. ეს არის თქვენი სახე”, — მიმართა მან დეპუტატებს ენმ-დან.

7-9 მარტის პროტესტი თბილისში

„ქართული ოცნება“ საქართველოში „უცხოეთის აგენტებზე“ რუსული კანონის მიღებას გეგმავდა.

მსგავსი კანონის რუსეთში მიღების შემდეგ ქვეყანაში ფაქტობრივად გაქრა დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო სექტორი. ამ რეგულაციას აქტიურად იყენებენ კერძო პირების დასასჯელადაც, რის გამოც ათასობით ადამიანი ემიგრაციაში წავიდა.

აშშ და ევროკავშირი თავიდანვე აცხადებდნენ, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, საქართველო დაკარგავდა შანსს, მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. მიუხედავად ამისა, პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს მიიღო, რასაც მრავალათასიანი, მძლავრი პროტესტი მოჰყვა.

ხელისუფლება 2 დღე არბევდა აქციას, რასაც დემონსტრანტთა ნაწილის წინააღმდეგობა სდევდა თან. ამ პერიოდში რუსთაველის გამზირზე დაზიანდა ავტომობილები, პარლამენტის შენობა, დაშავდა 50-მდე პოლიციელი და აქციის არაერთი მონაწილე, დაკავებულთა რაოდენობამ კი 130-ს გადააჭარბა.

საბოლოოდ, მძლავრი პროტესტის ფონზე ხელისუფლებამ უკან დაიხია და „აგენტებზე“ ორივე კანონპროექტი 10 მარტს უკან გაიწვია.

თუმცა ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ანტიდასავლურ რიტორიკას, ასევე, ცდილობს საპროტესტო აქციის მონაწილეთა დისკრედიტაციას სხვადასხვა იარლიყის მიკვრით, თითქოს საპროტესტო აქციის მონაწილეები იყვნენ „ნაცები“, „ეკლესიის მტრები“, „სატანისტები“ და ა.შ.

1 კვირაა, ხელისუფლება მალავს ინფორმაციას აქციების დარბევისას დაშავებულებზე

შსს ასაიდუმლოებს, რა რაოდენობის სპეც. საშუალებები გამოიყენა 7-9 მარტს

მასალების გადაბეჭდვის წესი