ახალი ამბები

პარლამენტში „ქოლცენტრებზე“ საგამოძიებო კომისიის შექმნას განიხილავენ

19 მაისი, 2023 • 779
პარლამენტში „ქოლცენტრებზე“ საგამოძიებო კომისიის შექმნას განიხილავენ

პარლამენტში „ქოლცენტრების“ საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხის განხილვა მიმდინარეობს.

დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივით თავდაპირველად პარტია „საქართველოთვის“ წევრები გამოვიდნენ და კომისიას მხარს ღიად უჭერს საპარლამენტო ოპოზიციის სრული შემადგენლობა, გარდა „ევროპელი სოციალისტებისა“. კომისიის შექმნას მხარს არ უჭერს „ქართული ოცნება“.

დადგენილების პროექტის თანახმად, დროებითი საგამოძიებო კომისიის გამოსაკვლევ საკითხთა წრედ უნდა განისაზღვროს:

  • 2020 წლიდან დღემდე, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების მიერ თაღლითური „ქოლცენტრების“ შექმნითა და გამოყენებით ჩადენილი სავარაუდო ტრანსნაციონალური დანაშაულები, მათ განხორციელების სქემა, პასუხისმგებელი პირები
  • შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულებების შესაძლო არასათანადო რეაგირების ფაქტები, ამ სისტემური ჩავარდნის გამომწვევი მიზეზები და მასზე პასუხისმგებელი პირები;
  • სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებული პირდაპირი თუ არაპირდაპირი საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური რისკები და მათი შესაძლო შედეგები საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის.

პარლამენტში საკითხზე მომხსენებელი პარტია „საქართველოსთვის“ წევრი მიხეილ დაუშვილია, რომელთანაც ბევრი კითხვა აქვთ უმრავლესობის წევრებს.

„ქართული ოცნების“ წევრები თავიანთ გამოსვლებში ხაზს უვსამენ, რომ  დაუშვილმა „ქოლცენტრების“ მუშაობის სპეციფიკის „შესაშური ცოდნა“ გამოავლინა, რითიც ისინი მიანიშნენებენ, რომ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია მთავრობაში ყოფნის დროს ხელს აფარებდა „ქოლცენტრებთან“ დაკავშირებულ პირებს.

„თქვენი ლიდერი რომ ახლოს იყო ამ სქემის თავში მყოფ ადამიანებთან, ამის ეჭვი მქონდა, მაგრამ ასე დეტალურად თუ იცნობთ ამ თემას, ნამდვილად არ გვეგონა. ვთქვათ, რომ დაგეთანხმოთ და შეიქმნას ეს კომისია, რა იქნება მთავარი მიმართულება, საით მიდის საპარლამენტო გამოძიება? თავად საქმის დეტალები არის საპარლამენტო გამოძიების ობიექტი – როგორ იძიებენ სამართალდამცავები მიმდინარე საქმეს, თუ თქვენს, ოპოზიციის ლოგიკას რომ გავყვეთ, ვიღაც საქმის კურსში რომ არ ყოფილიყო არ შეიძლებოდა და დაიწყებთ იმ პერიოდიდან, როცა შინაგან საქმეთა  მინისტრი იყო გიორგი გახარია და როცა ეს ე.წ. „ქოლცენტრები“ შეიქმნა, შემდეგ პრემიერი გახდა გახარია და ამ პასუხისმგებლობის მიმართულებით ხომ არ აფარებს ვინმე ხელს, ხომ არ იყო და ხომ არ არის?“, – ჰკითხა დაუშვილს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე.

„ქოლცენტრების“ საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნაზე კენჭისყრა, სავარაუდოდ, საკითხის განხილვის შემდეგ, დღესვე გაიმართება. მის შესაქმნელად 50 დეპუტატის მხარდაჭერაა საჭირო.

თუმცა, ვინაიდან, „ქართული ოცნება“ მის შექმნას მხარს არ უჭერს. ამიტომ, მოსალოდნელია, რომ როგორც სასამართლოს საკითხებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას, ასევე „ქოლცენტრების“ საქმეზე დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასაც ხელი შეუშალოს.

მასალების გადაბეჭდვის წესი