ახალი ამბები

კეზერაშვილმა „ქოლცენტრების საქმეზე“ საჩივრით თავად BBC-ის მიმართა

18 მაისი, 2023 •
კეზერაშვილმა „ქოლცენტრების საქმეზე“ საჩივრით თავად BBC-ის მიმართა

დავით კეზერაშვილმა ბრიტანულ ტელეკომპანია BBC-ს მოსთხოვა, უარყოს ე.წ. ქოლ-ცენტრებთან დაკავშირებით მომზადებულ სიუჟეტში გახმიანებული ცნობები.

საუბარია სიუჟეტზე, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანია “ფორმულას” თანადამფუძნებელი დაკავშირებულია “გლობალურ თაღლითურ ქსელთან”, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით დიდი რაოდენობით თანხა გამოიმუშავა.

კეზერაშვილი აღნიშნულს უარყოფს, 17 მაისს კი მან გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც, “BBC-ის წინააღმდეგ ოფიციალური სარჩელი” შეიტანა.

“ჩემს წინააღმდეგ იყო და დღემდე გრძელდება შევიწროების, მუქარის და დევნის კამპანია ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან.

ძალიან უპასუხისმგებლო იყო BBC-ისგან ამ სიუჟეტის ეთერში გაშვება, რომელსაც არ გააჩნდა სათანადო საფუძველი, რომ ჩემთვის ასეთი სერიოზული ბრალდებები წაეყენებინა”, — ამბობს კეზერაშვილი.

“ნეტგაზეთმა” სცადა, გაერკვია, რა იგულისხმება კეზერაშვილის მიერ ნახსენებ “სარჩელში” და ვის მიმართა მან: დიდი ბრიტანეთის სასამართლოს თუ თავად ტელეკომპანიის შიგნით მოქმედ რომელიმე ორგანოს.

როგორც “ფორმულას” დირექტორმა, ზუკა გუმბარიძემ გვითხრა, საჩივარი უშუალოდ BBC-შია გაგზავნილი, რომელშიც მოთხოვნილია “სიუჟეტში გასული ფაქტების უარყოფა”. გუმბარიძე აღნიშნავს, რომ ბრიტანული პრაქტიკის მიხედვით, სასამართლოში წასვლამდე ჯერ მაუწყებლის იურიდიულ დეპარტამენტს უნდა მიმართო.

“იქიდან გამომდინარე, რაც იქნება მაუწყებლის რეაგირება, ინფორმაციას მოგაწვდით”, — დასძენს “ფორმულას” დირექტორი.

რა ხდება

ბრიტანული BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, საქართველოს  თავდაცვის ყოფილი მინისტრი და “ფორმულას” თანადამფუძნებელი დავით კეზერაშვილი დაკავშირებულია “ასობით სხვადასხვა საინვესტიციო ბრენდის გლობალურ თაღლითურ ქსელთან”, რომელმაც კლიენტთა მოტყუების გზით მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავა.

კეზერაშვილი უარყოფს ჟურნალისტურ გამოძიებაში გახმიანებულ ბრალდებებს. მისივე თქმით, ყველაფერს გააკეთებს, რათა “ფორმულას” თანამშრომლები დარწმუნებული იყვნენ, რომ მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები ცილისმწამებლურია, დაშვებები კი — უსაფუძვლო.

“ჩემი რეპუტაციის დასაცავად, არ დავიხევ უკან, რომ BBC-ის წინააღმდეგ სამართლებრივ ზომებს მივმართო”, — ნათქვამია კეზერაშვილის ბოლო განცხადებაში.

ამავე დროს, კეზერაშვილმა გაახმიანა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც “ფორმულაში” თავისი წილის(51%) ნახევარს ტელეკომპანიის კოლექტივს გადასცემს. აღნიშნულის შემდეგ “ფორმულამ” თქვა, რომ ტელეკომპანიის 40 თანამშრომელი ორგანიზაციას აფუძნებს კეზერაშვილისგან ხსენებული წილის მისაღებად.

მასალების გადაბეჭდვის წესი