ახალი ამბები

ადმინისტრაცია: მთავრობამ რუსეთთან ფრენებზე ნებართვა დაუყოვნებლივ გასცა, პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტზე — არა

17 მაისი, 2023 • 995
ადმინისტრაცია: მთავრობამ რუსეთთან ფრენებზე ნებართვა დაუყოვნებლივ გასცა, პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტზე — არა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მთავრობას სალომე ზურაბიშვილის ბრიუსელში ვიზიტზე თანხმობა ამ დრომდე არ გაუცია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხაზს უსვამენ იმ გარემოებას, რომ რუსეთთან ფრენების აღდგენაზე ნებართვა დაუყოვნებლივ გაიცა.

„15 მაისს ძალაში შევიდა პუტინის განკარგულება პირდაპირი ფრენების აღდგენის შესახებ. 15 მაისსვე საქართველოს მთავრობამ დაუყოვნებლივ გასცა თანხმობა. 27 აპრილს მთავრობამ მიიღო მიმართვა 31 მაისს პრეზიდენტის ბრიუსელში ვიზიტთან დაკავშირებით. საქართველოს მთავრობას ამ დრომდე თანხმობა არ გაუცია“, — აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

სალომე ზურაბიშვილის სიტყვით გამოსვლა ევროპარლამენტში 31 მაისს არის დაგეგმილი. საქართველოს პრეზიდენტის ევროპარლამენტის წინაშე გამოსვლა თავდაპირველად 18 აპრილს იგეგმებოდა, თუმცა მიმართვა გადაიდო. პრეზიდენტმა ამის მიზეზად მთავრობის მხრიდან თანხმობის მიღების პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება დაასახელა, მთავრობის ადმინისტრაციამ კი ბრალდება უარყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი