ახალი ამბები

„ოცნება“ ოპოზიციას სთავაზობს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები დღის განმავლობაში დაასახელოს

16 მაისი, 2023 • 878
„ოცნება“ ოპოზიციას სთავაზობს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები დღის განმავლობაში დაასახელოს

„ქართული ოცნება“ საპარლამენტო ოპოზიციას სთავაზობს, რომ დღეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები დაასახელონ.

ამ დროისათვის იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის ადგილია ვაკანტური. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის არჩევას 90 ხმა სჭირდება. 90 დეპუტატი კი არც მხოლოდ საპარლამენტო უმრავლესობაშია და არც ოპოზიციაში. ამიტომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის ასარჩევად უმრავლესობასა და ოპოზიციას თანამშრომლობა სჭირდებათ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის კანდიდატების განაცხადების მიღება პარლამენტმა ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში დაასრულა.

„ქართული ოცნება“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების არჩევას დეკემბერში გეგმავდა, თუმცა იმის გამო, რომ ოპოზიციასთან შეთანხმება ვერ შედგა, საკითხი გადაიდო.

გუშინ, 15 მაისს კი „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციას შესთავაზა, რომ მათთვის მისაღები კანდიდატები დღეს დღის განმავლობაში დაესახელებინათ.

„ქართული ოცნების“ შეთავაზებას ოპოზიცია ულტიმატუმად აფასებს და უმრავლესობას კონსულტაციების გაგრძელებას სთავაზობს.

„იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის არჩევის საკითხის ჩაგდება „ქართულ ოცნებას“ დეკემბერში უნდოდა. ოპოზიციამ ამის საშუალება არ მისცა. ამის შემდეგ ოპოზიცია მუდმივად გამოთქვამს მზაობას, გაიმართოს შინაარსობრივი და საქმიანი კონსულტაციები, რაზეც „ქართული ოცნება“ პასიურობს და დუმილით გვპასუხობს. შესაბამისად, 24-საათიანი ვადა გაურკვეველია“, – განაცხადა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა თამარ კორძაიამ.

„ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილიც ამბობს, რომ „ვადის დათქმა და წამზომის ჩართვა“ არ არის მიდგომა, რომლითაც შესაძლებელია შედეგი დაიდოს.

„ჩვენი ამოცანა და მზაობა არის, რომ იუსტიციის საბჭოში კეთილსინდისიერი და კომპეტენტური ადამიანები შევიდნენ, რომლებიც საზოგადოების ინტერესების დამცველები იქნებიან. ოპოზიცია მზადაა, ხელი შეუწყოს ასეთი ადამიანების არჩევას პარლამენტში, თუ ხელისუფლება გაიაზრებს, რომ ასეთი კომპეტენტური და კეთილსინდისიერი ადამიანების არჩევა საბჭოში არის სახელმწიფოსთვის და მართლმსაჯულებისთვის აუცილებელი ამოცანა“, – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი აცხადებს, რომ ოპოზიციის მხრიდან 24 საათზე საუბარი სპეკულაციაა. მისი თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების ასარჩევად კენჭისყრა, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში გაიმართება.

როგორც კობახიძე ამბობს, თუ ოპოზიცია კენჭისყრას ჩააგდებს, გამოჩნდება, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი არ სურს, რადგან ეს საკითხის ევროკომისიის ერთ-ერთ პუნქტშია.

„ჩვენ 24 საათზე კი არ გვაქვს საუბარი, ვიცდიდით 12 თვე და არ დააფიქსირეს არავითარი პოზიცია. აქ აზრი არ აქვს დალოდებას, გავა საკითხი კენჭისყრაზე, ვისაც უნდათ, დაუჭირონ მხარი, ვისაც უნდა არა. თუ ჩავარდება, თავიდან დაიწყება პროცედურა. კიდევ არის დრო, რათა კანდიდატები აირჩნენ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


საქართველოს პარლამენტს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის ასარჩევად  თავდაპირველად 32 კანდიდატი წარუდგინეს. მოგვიანებით ორმა მათგანმა, გიორგი ბურჯანაძემ და ანა აბაშიძემ კანდიდატურები მოხსნეს.

თუმცა კონკურსში არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შემდგარი კოალიციის “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების ნაწილი ისევ მონაწილეობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი