ახალი ამბები

NGO-ები იუსტიციის საბჭოში 5 არამოსამართლე კანდიდატს მხარდაჭერას უცხადებენ

10 ნოემბერი, 2022 • 727
NGO-ები იუსტიციის საბჭოში 5 არამოსამართლე კანდიდატს მხარდაჭერას უცხადებენ

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” ეხმაურება იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრობის კანდიდატების წარდგენას და 5 კანდიდატს მხარდაჭერას უცხადებს. ამის შესახებ მათ დღეს, 10 ნოემბერს ისაუბრეს.

“კოალიცია დიდი ხანია საუბრობს სასამართლო ხელისუფლების ფუნდამენტური რეფორმისა და ამ რეფორმის სტრატეგიის რადიკალური ცვლილებების საჭიროებაზე. საქართველოს ხელისუფლების მიერ ამ პროცესში გადასადგმელი ნაბიჯები მიმართული უნდა იყოს სასამართლოს სისტემის მართვის კონსენსუსზე ორიენტირებული რეფორმისკენ და მყარ დაბრკოლებებს უნდა უქმნიდეს ძალაუფლების კონცენტრირებას, რომლის მანკიერი პრაქტიკა დღეს სასამართლო სისტემაში არსებობს.

პარლამენტის სესიაზე 5 არამოსამართლე წევრის არჩევა ამ მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი შეიძლება იყოს. აუცილებელია, თანამდებობაზე მოხვდნენ მიუკერძოებელი, კეთილსინდისიერი და კომპეტენტური კანდიდატები – მოქალაქეები, რომელთა მიმართაც იქნება მაღალი საზოგადოებრივი ნდობა და პოლიტიკურ პარტიებს შორისაც ფართო კონსენსუსი იარსებებს. ეს მნიშვნელოვნად შეცვლის ძალთა ბალანსს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, გააჩენს ახალი მიზიდულობის ცენტრს დამოუკიდებელი 5 წევრის სახით და კლანს მხოლოდ ერთხმიან არამყარ უპირატესობას დაუტოვებს”, – განმარტავენ არასამთავრობოები.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 5 არამოსამართლე წევრის შესარჩევი კონკურსი 30 სექტემბრიდან გამოცხადდა. მასში მონაწილეობას იღებს არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შემდგარი კოალიციის “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები: ლიკა საჯაია – ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი, ანა აბაშიძე – პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელი, დიმიტრი ხაჩიძე – ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, სულხან სალაძე -ღია სივრცე-კავკასია (COS), კარგი მმართველობის და ინფორმაციის თავისუფლების პროგრამის ხელმძღვანელი, და გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე.

მასალების გადაბეჭდვის წესი