ახალი ამბები

“მნიშვნელოვანი ჟესტია” – კობახიძე ავიაკომპანია “აზიმუტის” ქმედებაზე

16 მაისი, 2023 • 956
“მნიშვნელოვანი ჟესტია” – კობახიძე ავიაკომპანია “აზიმუტის” ქმედებაზე

“ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე “მნიშვნელოვან ჟესტს” უწოდებს იმ ფაქტს, რომ ავიაკომპანია „აზიმუტმა“, რომელმაც რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების განხორციელების ნებართვა მიიღო, საიტზე ქვეყნების ჩამონათვალიდან აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ამოიღო.

“მნიშვნელოვანი ჟესტია, რომ ეს ჩანაწერები ამოღებულია ვებგვერდიდან და სპეკულაციისთვის არავითარი საფუძველი არ არსებობს, თუმცა ვინც ცდილობს, რომ ამ საკითხის გარშემო რაღაცნაირად აჟიოტაჟი შექმნას, ისინი არიან ნამდვილი სპეკულანტები”, – განაცხადა კობახიძემ და დასძინა, რომ 2008 წლის ომის შემდეგ ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებამ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.

ავიაკომპანიამ აზიმუტმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ქვეყნების ჩამონათვალიდან წაშალა მას შემდეგ, რაც „ფეისბუქის“ ქართველმა მომხმარებლებმა და მედიამ გაავრცელეს ინფორმაცია, „აზიმუტის“ მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარების შესახებ.

„აი, რომ წარმოიდგინოთ როგორი სწრაფი კავშირია საქართველოს ხელისუფლებასა და რუსებს შორის. 2 საათის წინ გავაკეთე სქრინი და დავდე ფბ-ზე, სადაც ჩანდა რომ ავიაკომპანია „აზიმუტის“ ვებზე აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ იყო. 2 საათში წაშალეს ვებიდან“, — წერს გიორგი მშვენიერაძე, ორგანიზაცია „დემოკრატიის მცველების“ ხელმძღვანელი გიორგი მშვენიერაძე.

ამასთან, „აზიმუტმა“ საიტიდან წაშალა ყველა კვალი, სადაც აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეებს მოიხსენიებდა.

„აზიმუტი“ გახდა პირველი რუსული კომპანია, რომელსაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენის ნებართვა მისცა. სამოქალაქო ავიაციის სააგენტო აცხადებს, რომ თითოეულ მომართვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს მას შემდეგ, რაც „დეტალურად იქნება შესწავლილი ავიაკომპანიების თუ მათი საჰაერო ხომალდების არსებული სტატუსი საერთაშორისო სანქციებთან თუ შეზღუდვებთან მიმართებაში და ფრენის ნებართვები ზემოთ აღნიშნული პრინციპით იქნება გაცემული“. კომპანია „აზიმუტი“ სანქცირებულია უკრაინის მიერ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი