ახალი ამბები

პეტიცია გამოხატვის თავისუფლების დასაცავად

9 ივლისი, 2010 • • 1409
პეტიცია გამოხატვის თავისუფლების დასაცავად

დღეს კონსულტაციებისა და ტრენინგის ცენტრში (CTC) სამოქალაქო აქტივისტები სინდისისა და გამოხატვის თავისუფლების მიმართ შეუწყნარებლობის შესახებ პეტიციის პრეზენტაციას გამართავენ. თვენახევრის წინ დაწერილი და ინტერნეტში განთავსებული პეტიციის ადრესატები საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, იუსტიციის მინისტრი ზურაბ ადეიშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე მერაბიშვილი არიან. სამოქალაქო აქტივისტთა ჯგუფის წევრები აცხადებენ, რომ პრეზენტაციის მიზანი პეტიციის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაა. 

პეტიციის მთავარი შეტყობინება რელიგიური შეუწყნარებლობას და ამ ნიადაგზე ჩადენილ დანაშაულებზე სახელმწიფოს მხრიდან სრულყოფილი გამოძიების ჩატარების მოთხოვნას უკავშირდება. მიმართვის ტექსტში სახელმწიფოსა და ეკლესიის საქმიანობისა და გავლენის სფეროების მკაფიოდ გამიჯვნაზეცაა საუბარი.

სოციალურ ქსელ ფეისბუქზე გავრცელებულ განცხადებაში, აქტივისტები მოქალაქეებს მოუწოდებენ წინააღმდეგობა გაუწიონ საქართველოში რელიგიური ექსტრემიზმის წახალისებას საზოგადოების და სახელმწიფოს მხრიდან.  ისინი მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო არაადექვატურად იქცევა, როდესაც რელიგიური ექსტრემიზმის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე საქმეს ხულიგნობის მუხლით აღძრავს. პეტიციის ერთ-ერთი ხელმომწერი, ფილოსოფოსი და კავშირის ”ქალების ინიციატივა თანასწორობისათვის” თავჯდომარე, ლელა გაფრინდაშვილი სახელმწიფოს მხრიდან ასეთი სტრატეგიის მიზეზებზე საუბრობს: ”სახელმწიფოს არ უნდა სიტუაციის რადიკალიზაცია, რაც, როგორც წესი, უფრო სახელისუფლებო, მმართველ ძალებს უბრუნდება ცუდად, ვიდრე ოპოზიციურად განწყობილ ჯგუფებს” და მიიჩნევს, რომ რელიგიური შეუწყნარებლობის გამწვავების პროცესში საზოგადოება ნაკლებად პასუხისმგებელი არ არის, – ”თუ საზოგადოება არ არის რეზისტენტული, სახელმწიფო ყოველთვის დუნდება. სახელმწიფო სტრუქტურები არანაირ რეაქციას არ მისცემენ, თუ არ იციან, რომ ამ რეაქციას საზოგადოება ელის და რომ ამ რეაქციაზე მოთხოვნა არსებობს”.

ლელა გაფრინდაშვილი სამოქალაქო საზოგადოების ბრძოლის არათანმიმდევრულობაზეც ამახვილებს ყურადღებას და ფიქრობს, რომ რელიგიური ექსტრემიზმის ფაქტებზე, საზოგადოების მყისიერ რეაქციასთან ერთად, პერმანენტული და სტრატეგიული ბრძოლაა საჭირო.

პეტიციის მიხედვით, ფუნდამენტალისტური ტენდენციების გაღვივება საქართველოს ევროინტეგრაციის ხელისშემშლელი ფაქტორია. ”ქსენოფობიური, ეთნოცენტრისტული ორგანიზაციების ჩამოყალიბება და მათ მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებები ჩვენს ევროინტეგრაციასაც ხელს შეუშლის. ფუნდამენტური უფლებების და თავისუფლებების გარანტი უნდა იყოს სახელმწიფო, რომ მას გზა გაეხსნას ევროპისკენ. საუბარია ფასეულობებზე და ფასეულობების დაცვაზე. შეიძლება ჩვენთან სახელმწიფოს დეკლარირებული სახით პრობლემა არ ჰქონდეს თქვას, რომ ევროპისკენ მივისწრაფვით, რომ ევროპული ოჯახის ნაწილი ვართ, მაგრამ ყოველდღიურობაში ჩვენ სხვა ქმედებებს ვხედავთ სახელმწიფოს მხრიდან”, – თვლის ლელა გაფრინდაშვილი.

ამ წუთისთვის პეტიციას 446 ხელმომწერი ჰყავს. ორშაბათს დაგეგმილია პეტიციის ტექსტისა და ხელმომწერთა სიის ადრესატებისვის გაგზავნა.  

პეტიცია შეგიძლიათ იხილოთ აქ

მასალების გადაბეჭდვის წესი