ახალი ამბები

რა შეიარაღებას გადასცემს საფრანგეთი კიევს ზელენსკის ვიზიტის შემდეგ

15 მაისი, 2023 • 1837
რა შეიარაღებას გადასცემს საფრანგეთი კიევს ზელენსკის ვიზიტის შემდეგ

საფრანგეთი პირობას დებს, რომ უკრაინას ათეულობით ბრონირებულ მანქანასა და მსუბუქ ტანკს მიაწვდის, ნათქვამია დეკლარაციაში, რომელიც ქვეყნების პრეზიდენტების, ემანეულ მაკრონისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის შედეგად გაფორმდა.

დოკუმენტის თანახმადვე, პარიზი აგრეთვე აპირებს, მხარი დაუჭიროს უკრაინის საჰაერო თავდაცვას და ნატოს პარტნიორებთან ერთად, წვრთნები ჩაუტაროს უკრაინულ სამხედროებს.

გარდა ამისა, საფრანგეთი აგრეთვე აპირებს, კიევს გადასცეს ორი მოძრავი ლაბორატორია დნმ-ის ანალიზისთვის – სამხედრო დანაშაულების გამოსაძიებლად.

ასევე, პარიზში გამართულ პრესკონფერენციაზე ზელენსკის ჰკითხეს, საკმარისია თუ არა უკრაინისთვის მიწოდებული იარაღი კონტრიერიშისთვის. „კიდევ რამდენიმე ვიზიტი და მორჩა“, – უპასუხა ზელენსკიმ.

ზელენსკი მესამე დღეა, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში სახელმწიფო ლიდერებს ხვდება. იგი ჯერ იტალიაში იმყოფებოდა, ხოლო შემდეგ ეწვია ბერლინს, სადაც გერმანიამ გამოაცხადა უკრაინისთვის სამი მილიარდი ევროს ღირებულების დახმარების გაწევაზე. პარიზიდან კი ზელენსკი ლონდონში გაემგზავრება.


გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი