ახალი ამბები

„ენკამ“ არბიტრაჟს მიმართა – დავითაშვილი

6 ოქტომბერი, 2022 • 1688
„ენკამ“ არბიტრაჟს მიმართა – დავითაშვილი

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, კომპანია „ენკამ“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა,  არბიტრაჟს მიმართა.

ამის შესახებ მან დღეს, 6 ოქტომბერს, პარლამენტში მინისტრის საათის ფორმატში მოსმენისას განაცხადა. ეკონიმიკის მინისტრს ნამახვანჰესთან დაკავშირებით კითხვა უმრავლესობის დეპუტატმა ზაზა ლომინაძემ დაუსვა.

„ენკამ“ [კონტრაქტის] შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო და არბიტრაჟს მიმართა. თუმცა ჩვენ კომპანიასთან დიალოგის რეჟიმში ვართ და გვაქვს მოლაპარაკებები, საუბარია სხვადასხვა ტიპის ცვლილებაზე, რომელიც შეიძლება შევიდეს არსებულ შეთანხმებაში იმისთვის, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტი განხორციელდეს.

ჩვენთვის ნამახვანი რჩება სტრატეგიულ პროექტად და ამ თუ სხვა ფორმატით აუცილებლად განხორციელდება. უახლოეს ხანებში გვექნება მეტი ინფორმაცია მოლაპარაკების შედეგად და ამას გაგიზიარებთ“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.


2021 წლის 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ენკამ“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს მთავრობას აცნობა გადაწყვეტილება ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ. აღნიშნულის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკის იმდროინდელმა მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ კომპანიასთან მთავრობა მოლაპარაკებებს აწარმოებდა. თურნავას თქმით – „ჩვენი ამოცანაა, რომ ამ კომპანიასთან ჩვენი შეთანხმება მოხდეს ამა თუ იმ ფორმით, არბიტრაჟის გარეშე“.

ნამახვანის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობდა მდინარე რიონზე. პროექტის ღირებულება დაახლოებით 830 მილიონი აშშ დოლარი იყო.

კონტრაქტი მთავრობას გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას აკისრებდა სხვადასხვა სცენარის განვითარების შემთხვევაში, ვიდრე ინვესტორს. კონტრაქტის თანახმად, ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, კომპანია პოტენციურად უკეთეს ვითარებაში აღმოჩნდებოდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „ნეტგაზეთის“ საჯარო ინფორმაციაზე მოთხოვნის პასუხად ოქტომბერში დაადასტურა, რომ ნამახვანჰესის პროექტთან დაკავშირებით კანონმდებლობით გათვალისწინებული დასკვნა გაცემული არ ჰქონია.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი