ახალი ამბებიეკონომიკა

ინვესტორს მეტი მოქნილობა რომ გამოეჩინა, შეიძლება, სულ სხვა სურათი ყოფილიყო — თურნავა “ენკაზე”

18 იანვარი, 2022 • 4991
ინვესტორს მეტი მოქნილობა რომ გამოეჩინა,  შეიძლება, სულ სხვა სურათი ყოფილიყო — თურნავა “ენკაზე”

“როგორც არ უნდა დასრულდეს ჩვენი ურთიერთობა ინვესტორთან, პროექტი უნდა განხორციელდეს”, — თქვა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ “ნამახვანჰესზე” საუბრისას. მანვე აღნიშნა, რომ შესაძლოა, პროცესები სხვაგვარად წარმართულიყო, მშენებელ კომპანია “ენკას” მეტი მოქნილობა რომ გამოეჩინა.

ჟურნალისტმა თურნავას ჰკითხა, რა ეტაპზეა ურთიერთობა “ენკასთან”, რომელმაც გასული წლის სექტემბერში “ნამახვანჰესის” ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ განაცხადა. მინისტრის სიტყვებით, ხსენებული ჰესი სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ სტრატეგიულ პროექტად რჩება.

“როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე და საკუთარი განახლებადი რესურსით ქვეყნის უზრუნველყოფაზე, ნამახვანი ყოველთვის დგას ამ სტრატეგიული პროექტების რიგში სხვა რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან პროექტთან ერთად.

აქედან გამომდინარე, მე მინდა განვაცალკეო ერთმანეთისგან ის ურთიერთობა, რაც ჩამოყალიბდა ინვესტორთან და თავად პროექტის მნიშვნელობა.

როგორც არ უნდა დასრულდეს ჩვენი ურთიერთობა ინვესტორთან, პროექტი უნდა განხორციელდეს და ეს არის ჩვენი ურყევი ნება. შეიძლება განხორციელდეს მთავრობის მეტი ჩართულობით, რაც უფრო მეტ გარანტიას მოგვცემს ყველას, რომ ეს მნიშვნელოვანი პროექტი მაინც განხორციელდება”, — დასძინა მან.

მინისტრის თქმით, სახელმწიფოს იმედი აქვს, რომ შეიძლება, კომპანიასთან შეთანხმდეს საარბიტრაჟო დავის დაწყების გარეშე. მისივე სიტყვებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოლაპარაკება, რომ “თუნდაც კომპანიას ამ პროექტის დატოვება მოუწიოს, რა პირობებით შეიძლება მოხდეს ეს”.

“რასაკვირველია, ინვესტორმა გარკვეული ინვესტიციები გაწია. ვფიქრობ, ინვესტორს თავის დროზე მეტი მოქნილობა რომ გამოეჩინა და უფრო მეტად ემუშავა მოსახლეობასთან, არ დაეკარგა გარკვეული დრო, დღეს შეიძლება, სულ სხვა სურათი ყოფილიყო, მაგრამ ვართ იქ, სადაც ვართ.

ისევ ვამბობ, რომ ჩვენი ამოცანაა, მნიშვნელოვანი პროექტი არ დადგეს დარტყმის ქვეშ. სახელმწიფოს როლი მასში და მსგავს მსხვილ სტრატეგიულ ენერგეტიკულ პროექტებში მაქსიმალურად უნდა გაიზარდოს. ეს არის მთავარი გაკვეთილი, რაც აქედან გამოვიტანეთ”, — აღნიშნა თურნავამ.

რა მოხდა მანამდე

22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ კომპანია „ენკამ“, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს მთავრობას აცნობა ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ.

ამ გადაწყვეტილების საფუძვლად ინვესტორმა კომპანიამ დაასახელა საქართველოს მთავრობის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული გარემოების არსებობა.

18 ოქტომბერსვე ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ და კომპანია „ენკამ“ ერთმანეთთან კომუნიკაციის მიზნით სამუშაო ჯგუფები შექმნეს.

ნამახვანის პროექტი ორი, 333 და 100 მგვტ სიმძლავრის ჰესის მშენებლობას გულისხმობდა მდინარე რიონზე. პროექტის ღირებულება დაახლოებით 830 მილიონი აშშ დოლარი იყო.

კონტრაქტი მთავრობას გაცილებით მეტ პასუხისმგებლობას აკისრებდა სხვადასხვა სცენარის განვითარების შემთხვევაში, ვიდრე ინვესტორს – კონტრაქტის თანახმად, ხელშეკრულების გაწყვეტის შემთხვევაში, კომპანია პოტენციურად უკეთეს ვითარებაში აღმოჩნდებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი