ახალი ამბები

„თუ პრეზიდენტი ცესკოზე კანონს ვეტოს დაადებს, ვეტოს დავძლევთ“ — კობახიძე

14 მაისი, 2023 • 1321
„თუ პრეზიდენტი ცესკოზე კანონს ვეტოს დაადებს, ვეტოს დავძლევთ“ — კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს თუ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს, მმართველი პარტია ამ ვეტოს დაძლევს.

„არსებული წესი იყო აბსოლუტურად ირაციონალური და უპრეცედენტო. მსოფლიოში ვერ მეტყვით ვერც ერთ ქვეყანას, სადაც ასეთი წესი შეიძლება იყოს დადგენილი. უბრალოდ, არ არსებობს ასეთი ქვეყანა. ეს წესი დადგინდა ე.წ. 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად. ეს იყო ოპოზიციისა და არასამთავრობოების მოთხოვნა. დღეისათვის ეს შეთანხმება ანულირებულია და ჩვენ არ გვაქვს არვაითარი ვალდებულება, საარჩევნო კოდექსში ირაციონალიური რეგულაციები დავტოვოთ.

სალომე ზურაბიშვილი, სამწუხაროდ, თავიდან ბოლომდე რადიკალური ოპოზიციის ნარატივზეა გადასული. თუ დაადებს ვეტოს, ჩვენ ამ ვეტოს დავძლევთ“, — განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს დღეს, 14 მაისს.

პარლამენტი საარჩევნო კოდექსში დაგგემილი ცვლილებების განხილვას 15 მაისიდან იწყებს.


საკანონმდებლო ცლილებები დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აღარ წარუდგინა. პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს კი „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა. ამის გამო ამ დრომდე ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობას ისევ გიორგი კალანდარიშვილი იკავებს.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, პარლამენტისთვის ცესკოს თავმჯდომარისა და ცესკოს წევრების კანდიდატურების წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტით, ცესკოს 7 წევრს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრს პარტიები დანიშნავენ.

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი 2021 წლის 19 აპრილის მიღებული ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებაში იყო გათვალისწინებული, თუმცა ამ შემთანხმების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ის აქამდე უკვე შეცვალა, ახლა კი მმართველი პარტია ოპოზიციისა და პრეზიდენტის როლის გამორიცხავასაც უშვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი