ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი(IDFI) აცხადებს, რომ ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძისთვის პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციაზე უარის თქმა არღვევს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს და აფერხებს საპარლამენტო პლურალიზმის განვითარებასა და გაძლიერებას.
კერძოდ, 8 მაისს პარლამენტმა ორი ახალი პოლიტიკური ჯგუფი შექმნა, თუმცა უარი თქვა მესამე პოლიტიკური ჯგუფის შექმნაზე. პოლიტიკური ჯგუფის შექმნის მოთხოვნით საპროცედურო საკითხთა კომიტეტს პარლამენტის წევრებმა – ხატია დეკანოიძემ და რომან გოცირიძემ მიმართეს. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლთა განმარტებით, ვინაიდან მითითებული დეპუტატები არჩეულ იქნენ საარჩევნო ბლოკის (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია) სიით, რეგლამენტი მათ არ ანიჭებს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლებას.
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 228 პრიმა მუხლის პირველი პუნქტი ადგენს საპარლამენტო ჯგუფის ინსტიტუტს და განსაზღვრავს ამ უფლებით მოსარგებლე სუბიექტს, რომელსაც საქართველოს პარლამენტის ნებისმიერი ორი წევრი წარმოადგენს. აღნიშნული მუხლის დარჩენილი ნორმები აწესრიგებს ამ უფლებით სარგებლობის წესს, მათ შორის, ადგენს გარკვეულ შეზღუდვებსა და პირობებს. სხვაგვარად, ნებისმიერი ორი დეპუტატის უფლება, შექმნას პოლიტიკური ჯგუფი, შესაძლოა შეიზღუდოს ამავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობისას.
228-ე მუხლის მე-5 პუნქტი, აგრეთვე, ამ მუხლის ან ზოგადად რეგლამენტის არცერთი დებულება არც პირდაპირ და არც ირიბად არ მიუთითებს საარჩევნო ბლოკით არჩეული პარლამენტის წევრთა მიერ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შეზღუდვაზე. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლთა განმარტება, რომ რეგლამენტის 228 პრიმა მუხლის პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლებას არ ანიჭებს საარჩევნო ბლოკის სიით გასულ დეპუტატებს, ჩვენი აზრით, რეგლამენტის მითითებული მუხლის სტრუქტურის მცდარ ანალიზს ეფუძნება. კერძოდ, რეგისტრაციაზე უარის თქმის მხარდამჭერებმა ვერ/არ გაიზიარეს, რომ უფლების 228 პრიმა მუხლის მე-5 პუნქტი არის უფლების შემზღუდავი ნორმა და ის ფაქტი, რომ მასში არ არის მოხსენიებული საარჩევნო ბლოკი, გამორიცხავს ამ შეზღუდვის საარჩევნო ბლოკით არჩეულ დეპუტატებზე გავრცელებას“, – აცხადებს IDFI.
წარმოდგენილი არგუმენტაციიდან გამომდინარე, IDFI-ს მიაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტის ორ დეპუტატისთვის, პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ დაფუძნებაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებს, შესაბამისად, არღვევს ორი დეპუტატის უფლებას, შექმნან პოლიტიკური ჯგუფი და ამ ფორმით მიიღონ მონაწილეობა საპარლამენტო საქმიანობაში.