ახალი ამბები

პრიგოჟინის ცნობით, ბახმუტიდან რუსები გაიქცნენ, სამინისტროს ცნობით, გადაჯგუფდნენ

12 მაისი, 2023 • 1087
პრიგოჟინის ცნობით, ბახმუტიდან რუსები გაიქცნენ, სამინისტროს ცნობით, გადაჯგუფდნენ

ბახმუტის მიმართულებით რუსული ძალების ქმედებებს აბსოლუტურად განსხვავებულად ახასიათებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და „ვაგნერის“ ჯგუფის ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი. ეს არის ამ ორ ძალას შორის არსებული კონფლიქტის კიდევ ერთი გამოხატულება.

ბოლო დღეებში პრიგოჟინი უკრაინელების წინსვლაზე საუბრობს, ხოლო 11-12 მაისის ღამით რუსმა „სამხედრო კორესპონდენტებმა“ განაცხადეს, რომ ბახმუტის მიმართულებით უკრაინამ „ფლანგების გარღვევა“ მოახერხა. დილით ამ მიმართულებით წინსვლის შესახებ განაცხადეს კიევშიც.

თუმცა რუსეთის თავდაცვის სამინისტროში უარყვეს ცნობები „ფლანგების გარღვევაზე“ და თქვეს, რომ რეალურად რუსულმა ძალებმა უკან დაიხიეს, „თავდაცვისთვის უფრო მომგებიან პოზიციაზე“.

ასეთ შეფასებას არ ეთანხმება პრიგოჟინი და ამბობს, რომ სინამდვილეში რუსული ძალები გაიქცნენ:

„რაც თქვა [თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერმა] კონოშენკოვმა [უკან დახევაზე], სამწუხაროდ, ამას ეწოდება გაქცევა და არა გადაჯგუფება“.


„ვაგნერის“ ჯგუფის ხელმძღვანელი უკვე საკმაო ხანია, ღიად ებრძვის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს და მწვავედ, ზოგჯერ გინებითაც კი აკრიტიკებს მის ხელმძღვანელობას და კერძოდ მინისტრ სერგეი შოიგუს.

ამ თემაზე გირჩევთ „ნეტგაზეთის“ მასალას:

 

მასალების გადაბეჭდვის წესი