ახალი ამბები

პრიგოჟინი ამბობს, რომ უკრაინა „ფლანგებს არღვევს“ და მალე კონტრიერიშზე გადავა

9 მაისი, 2023 • 2259
პრიგოჟინი ამბობს, რომ უკრაინა „ფლანგებს არღვევს“ და მალე კონტრიერიშზე გადავა

„ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანიის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინი აცხადებს, რომ ბახმუტის მიმართულებაზე უკრაინა „ფლანგებს არღვევს“ და მალე კონტრიერიშზეც გადავა. ნახევარსაათიან მიმართვაში იგი აკრიტიკებს რუსეთის მიდგომას ომისადმი.

„უახლოეს ხანებში დაიწყება კონტრიერიში. აბსოლუტურად ნათლად ამბობენ – კონტრიერიში იქნება, თანაც, ხმელეთზე და არა ტელევიზორში. ჩვენს ქვეყანაში ჰგონიათ, რომ ყველაფერი ტელევიზორში უნდა აკეთონ“, – ამბობს იგი.

მან აგრეთვე თქვა, რომ 9 მაისს რუსეთის შეიარაღებული ძალების დანაყოფმა პოზიციები დატოვა ბახმუტის მიმართულებაზე, მაგრამ „ვაგნერელებმა“ სიცარიელის შევსება „რაღაცნაირად მოახერხეს“.

პრიგოჟინის თქმითვე, ტყვია-წამლის მიწოდების პრობლემა, რომლის გამოც თავდაცვის მინისტრ შოიგუს აგინა, კვლავ არაა მოგვარებული და 8 მაისს სამინისტროში გადაწყვიტეს, რომ „ვაგნერი“ მიიღებს მოთხოვნილი ტყვია-წამლის მხოლოდ 10%-ს.

მიმართვაში მან აგრეთვე აღნიშნა, რომ ბახმუტს „ვაგნერელები“ კიდევ რამდენიმე დღე არ დატოვებენ. აქამდე პრიგოჟინი ამბობდა, რომ მისი ჯარი ქალაქს 10 მაისს დატოვებდა. ამას წინ უძღოდა მრავალთვიანი კონფლიქტი მასსა და შოიგუს შორის.

მასალების გადაბეჭდვის წესი