ახალი ამბები

„ეს არის დადებითი გადაწყვეტილება“ – ღარიბაშვილი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

11 მაისი, 2023 • 875
„ეს არის დადებითი გადაწყვეტილება“ – ღარიბაშვილი სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დადებითად აფასებს ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გაუქმებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ყველა გადაწყვეტილება, რაც საქართველოს მოქალაქეებს გაუმარტივებს ცხოვრებას, გადაადგილებასა და ბიზნესის კეთებას, დადებითი და მისასალმებელია.

„რუსეთის ფედერაციის გადაწყვეტილების შესაბამისად ჩვენს მოქალაქეებს აღარ დასჭირდებათ ვიზები, რომ წავიდნენ რუსეთში. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და ყველამ იცით, ეს არის ფაქტი, რომ ჩვენ ერთი მილიონი ეთნიკური ქართველი, ჩვენი თანამემამულე გვყავს რუსეთში. მათ აქ ჰყავთ ოჯახის წევრები, ნათესავები, ახლობლები და, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გაადვილდეს მოძრაობაც, მათი მიმოსვლა, მათი ახლობლების ჩასვლა და ა.შ. ეს არის, რა თქმა უნდა, დადებითი ფაქტი და დადებითი გადაწყვეტილება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილმა პარალელი გაავლო უკრაინასა და მოლდოვასთან და აღნიშნა, რომ ორივე ქვეყანას რუსეთთან უვიზო მიმოსვლა საქართველოზე ადრე ჰქონდა.

„მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს, რა თქმა უნდა, ჰუმანიტარული თვალსაზრისით ძალიან დადებითი, მისასალმებელი გადაწყვეტილება იყო და არის. ყველაფერი, რაც ჩვენს მოქალაქეებს გაუადვილებს, გაუმარტივებს ცხოვრებას, გადაადგილებას, ბიზნესის კეთებას, რა თქმა უნდა, არის დადებითი და მისასალმებელი“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

რაც შეეხება პუტინის კიდევ ერთ გადაწყვეტილებას, რომელის საქართველოსთან პირდაპირი ფრენების აღდგენას გულისხმობს, ღარიბაშვილის თქმით, ფრენები, მით უმეტეს, არასანქცირებული თვითმფრინავებით, არის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი.

„რაც შეეხება ფრენებს, რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლა, მე რამდენიმე დიდ ქვეყანას დაგისახელებთ – ჩინეთი, ზესახელმწიფო, თურქეთი, რომელიც არის ჩვენი მეგობარი, მეზობელი ქვეყანა, უზარმაზარი სახელმწიფო, დიდი ეკონომიკით, ნატო-ს წევრი ქვეყანა და ქვეყანა, რომელსაც უკვე გააჩნია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი; ემირატები, ისრაელი, რომელიც არის ამერიკის, ალბათ არ გადავაჭარბებ, თუ ვიტყვი, რომ ერთ-ერთი ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი და ჩემთვის მართლაც მისაბაძი ქვეყანა არის ისრაელი ძალიან ბევრი მიმართულებით, იმიტომ, რომ ისინი საკუთარ ეროვნულ პოლიტიკას მიჰყვებიან და ახორციელებენ ყველა სახელმწიფოსთან მიმართებაში; და სამეზობლოში აზერბაიჯანი და სომხეთი, აღარ გავაგრძელებ, ყველა ამ ქვეყანას დღეს აქვს რუსეთთან პირდაპირი მიმოსვლა, არასანქცირებული თვითმფრინავებით, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ვინმემ შეცდომაში არ შეიყვანოს ჩვენი საზოგადოება“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ღარიბაშვილის თქმით, რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების აღდგენა სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დამსახურებაა.

„ვინაიდან ფრენები ჩვენს შემთხვევაში შეწყვეტილი იყო 2019 წლიდან, ცნობილი მოვლენები რაც მოხდა, მას შემდეგ, ჩვენ არ გაგვიუქმებია ფრენები, ეს რუსეთის გადაწყვეტილება იყო და მას შემდეგ ფრენები აღარ ხორციელდებოდა. ბუნებრივია, ჩვენი თანამოქალაქეები, ახლა მე გიყვებით ფაქტებს, როგორ მოგზაურობდნენ საქართველოში, ან ბელორუსიის გავლით, ან სომხეთის, აზერბაიჯანის, თურქეთის, უწევდათ საათობით ლოდინი და, რითაც მთავარია, 2-ჯერ და 3-ჯერ მეტის გადახდა ბილეთში. ესაა უზარმაზარი დისკომფორტი და უფრო დიდი ხარჯი. ამას გარდა ჩვენ ვიცით, რომ რუსეთთან გვაქვს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, ეს ჩვენი ხელისუფლების დამსახურებაა, რომ რუსეთთან აღდგა ვაჭრობაც და ამისკენ ისწრაფვოდა წინა ხელისუფლება, რისთვისაც ყველაფერს აკეთებდნენ. პირადად ხვდებოდა რუს ტურისტებს ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი და აღარ გავაგრძელებ, აღარ დაგღლით ამ დეტალებით, ყველამ ყველაფერი კარგად ვიცით.

ამიტომაც, როცა ეს გადაწყვეტილება იქნა ცნობილი ჩვენთვის გუშინ და მანამდეც ბევრი განცხადება მოგვისმენია, მაგრამ ამას ქმედება არ მოჰყოლია, ჩვენ, ბუნებრივია, გუნდის შიგნით გვქონდა მსჯელობა, ეს ყველაფერი გავაანალიზეთ და ვთქვით, რომ ფრენები, მით უმეტეს, არასანქცირებული თვითმფრინავებით, არის, მარტივად რომ ავხსნათ, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შემადგენელი ნაწილი, ერთი მცირე კომპონენტი, დეტალი, არა – მთავარი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი