ახალი ამბებიხელოვნება

გაიხსნა რიგით 26-ე თბილისის ჯაზ-ფესტივალი

10 მაისი, 2023 • 1378
გაიხსნა რიგით 26-ე თბილისის ჯაზ-ფესტივალი

9 მაისს გაიხსნა თბილისის რიგით 26-ე საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალი.  წლევანდელი ფესტივალი ეძღვნება მუსიკოსის, თამაზ ყურაშვილის ხსოვნას, რომელიც ჯაზ-ფესტივალის დაარსებიდან მისი მონაწილე იყო.

„ტრადიციულად, ფესტივალი მსოფლიო დონის ვარსკვლავებით არის დატვირთული, მაყურებლის წინაშე წარდგებიან საუკეთესო, წელს ყველაზე მოთხოვნადი არტისტები. მსგავსი მასშტაბის, ხარისხის და ტრადიციის უწყვეტობის მქონე ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის. იმიტომ, რომ ეს არ არის უბრალოდ კარგი ან ძალიან კარგი კულტურული ღონისძიება.

გადაუჭარბებლად, ეს არის გზავნილი დანარჩენ მსოფლიოში, რომ ქვეყანა, რომელშიც ასეთი მასშტაბის და ხარისხის ღონისძიება ტარდება, არის საკმარისად სტაბილური და უსაფრთხო, ამ ქვეყანაში საკმარისად არის განვითარებული სხვადასხვა სერვისი, ინფრასტრუქტურა, სტუმართმოყვარეობა, ადამიანური, ინტელექტუალური რესურსი, ტექნიკური უზრუნველყოფის სერვისი და ა.შ. ეს ყველაფერი ერთმნიშვნელოვნად ძალიან უწყობს ხელს ქვეყნის პოზიტიური სახის დამკვიდრებას საერთაშორისო არენაზე და ზოგადად, ქვეყნის ცნობადობის გაზრდას”, – განაცხადა ფესტივალის თანადამფუძნებელმა მიხეილ გიორგაძემ.

ფესტივალი „ჯაზ ლაბის“ სცენაზე გახსნა ლუკა თოფურიამ და მისმა ბენდმა. იგი ჯაზ-ფესტივალზე პირველად წარდგა ბენდ-ლიდერის როლში.

ლუკა თოფურია და დავით გოგისვანიძე

21:00 საათზე კი „სთარ სთეიჯი“ დაიკავა ჯაზ თეიქს სუპერ ჯგუფმა. ბილ ევანსის, ფელიქს პასტორიუსის, ნილს ლან დოკის და ჰარვი მეისონის შემადგენლობით.

კონცერტს შესავალი გაუკეთა მუსიკალურმა ჟურნალისტმა კახა თოლორდავამ – „ტერმინი სუპერ ჯგუფი, გასული საუკუნის 60-იან წლებში გაჩნდა მუსიკალურ სამყაროში. ეს ტერმინი აღნიშნავს სუპერ ვარსკვლავის მქონე სტატუსის მუსიკოსების ერთიანობას. ეს შეიძლება იყოს  ქველმოქმედება, მუსიკალური ხედვა, რომლის განხორციელებაც მხოლოდ კონკრეტულ კონფიგურაციაშია შესაძლებელი. ისე მოხდა, რომ ამ ტერმინმა სხვა მუსიკალურ მიმდინარეობაში გადაინაცვლა, მათ შორის ჯაზშიც. დღეს ჩვენ სწორედ ერთ-ერთ ასეთ ძალიან საინტერესო ბენდს მოვუსმენთ. მოარული აზრი სუპერ ჯგუფებზე ასეთია: იმისთვის, რომ მათი მუსიკა საინტერესო და კარგი იყოს, ამ ბენდებში შეკრებილ მუსიკოსებს ძალიან მკაფიო მოტივები უნდა ჰქონდეთ – რატომ არიან ისინი ერთად და რას არგებს მუსიკას მათი ერთად ყოფნა (…) დღეს თითოეული მათგანი არის ჯაზის სცენის ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, როგორც ბენდ ლიდერები და როგორც საიდ მენები (…) ეს ყველაფერი იმედს მაძლევს, რომ ჩვენ დღეს აკუსტიკური თავგადასავლით სავსე მუსიკა გველის.”

ჯაზ თეიქს სუპერჯგუფი კონცერტის შემდეგ

„პირველი დღე დასრულდა, ვფიქრობ, რომ საკმაოდ შთამბეჭდავი გახსნა გამოგვივიდა. ჩემთვის ამის პირველი ინდიკატორი ყოველთვის თავად მაყურებლის, მსმენელის რეაქციაა და როდესაც ამდენ ბედნიერ სახეს და ბედნიერ ადამიანს ხედავ, ხვდები, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ჩემთვის პირადად ეს იყო ალბათ ერთ-ერთი უმაღლესი კლასის შოუ, რაც შეიძლება ლაივში მოისმინო. როდესაც  სცენაზე არიან ამდენად განსხვავებული და ამავე დროს, ამდენად ჰარმონიულად შერწყმული არტისტები, ნამდვილი ვარსკვლავები. კიდევ ერთხელ, დღეს ჩვენ დავრწმუნდით იმაში, რომ მუსიკა ნამდვილად არის  უნივერსალური ენა, რომელზეც საუბრობს ყველა, მიუხედავად განსხვავებებისა, არ ვიცი, ეს იქნება რასობრივი, სოციალური, რელიგიური თუ ნებისმიერი სხვა”, – ასე შეაფასა ფესტივალის პირველი დღე მიხეილ გიორგრაძემ.

კონცერტის შემდეგ შთაბეჭდილებები გაგვიზიარეს გუნდის დრამერმა ჰარვი მეისონმა და ბასისტმა ფელიქს პასტორიუსმა:

ჰარვი მეისონი

„ფანტასტიკური მაყურებელი იყო. განსაკუთრებული.  მათთვის დაკვრისას მოგვანიჭეს ბედნიერების და აღელვების განცდა. საოცარი მაყურებელია, ერთი სული მაქვს როდის დავბრუნდები”, – ჰარვი მეისონი

 

„საოცარი მაყურებელი იყო. გრძნობდნენ, რასაც ვაკეთებდით დაკვრისას. უკან დაგვიბრუნეს ენერგია, ეს სწორედ ის არის, რაც გვჭირდება, როგორც მუსიკოსებს. ამის მიუხედავადაც დავუკრავდით, თუმცა ბევრად იცვლება შესრულება, როცა უკრავ ადამიანებისთვის, რომლებიც უკან გიბრუნებენ ენერგიას, რომელსაც ამ ყველაფერში დებ. არასოდეს იცი, ეს როდის მოხდება, დღევანდელი დღე განსაკუთრებული იყო ამ თვალსაზრისით”, – ფელიქს პასტორიუსი

მასალების გადაბეჭდვის წესი