22 მაისს გაიხსნა თბილისის რიგით 27-ე ჯაზ-ფესტივალი. რეგიონში ყველაზე დიდი ისტორიის მქონე ფესტივალმა წელს, წინა წლებისგან განსხვავებულ სივრცეში, რუსთაველის თეატრში გადაინაცვლა და როგორც ფესტივალის ორგანიზატორები ამბობენ, წლევანდელი ფესტივალის პროგრამაც სივრცის შესაბამისად შეირჩა.
22 მაისს, პირველმა რუსთაველის თეატრის სცენა დაიკავა ჰერაკ/ბულატკინმა თავის ბენდთან ერთად – პროექტით „ერისიუმი”. კვარტეტი ჩეხეთი საელჩოსთან თანამშრომლობის შედეგად წარდგა მაყურებლის წინაშე. სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებთან თანამშრომლობა თბილისის ჯაზ-ფესტივალის ტრადიციული ნაწილია, შარშანაც ფესტივალზე ქართველმა მაყურებელმა მოუსმინა ერთ-ერთ ყველაზე ძველ ევროპულ ჯაზ-კლუბ ჯგუფს ჩეხეთიდან, რომელიც 70-იანი წლებიდან არსებობს. წელს კი, ამ თანამშრომლობის ფარგლებში, სცენა დაეთმო კვარტეტს ჩეხეთიდან ჰერაკ/ბულატკინის ხელმძღვანელობით.
„საქართველოში დიპლომატიურ მისიებთან ძალიან დიდი ხნის თანამშრომლობა აქვს ფესტივალს, 90-იანი წლებიდან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობდით საელჩოებთან, განსაკუთრებით, ამერიკის საელჩოსთან და მათი დახმარებით ძალიან ბევრი საოცარი პროექტი გავაკეთეთ, ვიმედოვნებთ, რომ ეს თანამშრომლობა ძალიან დიდხანს გაგრძელდება. ამ პერიოდში ძალიან ბევრი საელჩო ჩაერთო ამ პროგრამაში, ფესტივალთან ძალიან ბევრი საელჩო თანამშრომლობს, არა მხოლოდ თბილისში, არამედ კახეთშიც. ახლა მინდა წარმოგიდგინოთ ჯგუფი, რომელიც ამ თანამშრომლობის შედეგია, ეს გახლავთ ჩეხური ჯგუფი, რომელიც ჩეხეთის საელჩოს და კულტურის სახლის დახმარებით და თანამონაწილეობით შეიქმნა”, – ასე წარადგინა ჯგუფი ფესტივალის თანადამფუძნებელმა გიორგი კერესელიძემ.
ჩეხური ბენდის შემდეგ სცენა დაიკავა გრემის მფლობელმა გიტარისტმა ბილ ფრიზელმა თავის ბენდთან ერთად. მუსიკოსის კარიერა 40 წელზე მეტს ითვლის და უთანამშრომლია ისეთ მუსიკოსებთან როგორებიც არიან ბონო, რობერტ პლანტი, პეტ მეტენი, მაკოი ტაინერი, რუიჩი საკამოტო და მრავალი სხვა. შესაბამისად, ბილ ფრიზელი მიმართ მოლოდინიც განსაკუთრებული იყო და ასევე დასრულდა მსმენელისთვის თბილისის 27-ე ჯაზ-ფესტივალის პირველი დღე მსმენელისთვის.
ფესტივალი 24 მაისის ჩათვლით გაგრძელდება, 23 მაისს მსმენელის წინაშე წარდგებიან მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსები კალდერაცო, პატიტუჩი და ვექლი. 24 მაისს კი – რუსთაველის თეატრის სცენას დაიკავებს გრემის ნომინანტი სთეისი კენტი (STACEY KENT ) საქსოფონისტ, კომპოზიტორ ჯიმ ტომლინსონთან (Jim Tomilson) და პიანისტ არტ ჰირაჰარასთან (Art Hirahara) ერთად.
გია გოგატიშვილის რამდენიმე ფოტო ფესტივალი პირველი დღიდან: