24 მაისს, რუსთაველი თეატრში გაიმართა თბილისის ჯაზ-ფესტივალის 27-ე გამოშვების დასკვნითი საღამო. რეგიონში უძველესი ფესტივალი დახურა სთეისი კენტმა თავის ბენდთან ერთად. რუსთაველის თეატრმა პირველად უმასპინძლა თბილისის ჯაზ-ფესტივალს და როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, პროგრამაც სივრცესთან შესაბამისობაში შეირჩა.
„დღეს ფესტივალის მესამე დღეა, მე მგონი ძალიან საინტერესო პროგრამა გამოგვივიდა. დღესაც ძალიან საინტერესო დღე გელით., ფესტივალის ყველაზე დიდი მონაპოვარი (იმ კომპანიების და ორგანიზაციების გარდა, რომლებიც წლებია ჩვენ გვერდით არიან) რა თქმა უნდა ხართ თქვენ, მაყურებელი, მსმენელი, რომელიც მუდმივად ჩვენ გვერდზეა; რომელსაც მუდმივად აინტერესებს სიახლე და უყვარს მუსიკა.
მინდა ყველას ვუსურვო, რომ მუსიკის ეს სიყვარული არ გაგნელებოდეთ, ყოველთვის გქონდეთ სურვილი ნახოთ და მოისმინოთ სიახლე, ჩვენ ამაში აუცილებლად დაგეხმარებით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, ვიმედოვნებთ, რომ ერთმანეთს კიდევ ძალიან ბევრჯერ შევხვდებით. ახლა კი, მინდა წარმოგიდგინოთ დღევანდელი სტუმარი არაჩვეულებრივი და განუმეორებელი სთეისი კენტი, თავის ჯგუფთან ერთად”, – ასე მიმართა მაყურებელს ფესტივალის თანადამფუძნებელმა გიორგი კერესელიძემ.
სთეისი კენტი მსმენელის წინაშე წარდგა პიანისტ არტ ჰირარასთან და ჯიმ ტომლისნსონთან ერთად, უკანასკნელი გარდა იმისა, რომ უკრავს საქოსფონზე, ფლეიტასა და კლარნეტზე, არის კომპოზიტორი, სტეისი კენტის პროდიუსერი და მეუღლე.
ჯგუფი მრავალფეროვანი რეპერტუარით წარდგა მსმენელის წინაშე. რუსთაველის თეატრის სცენაზე შესრულდა ჯიმ ტომლინსონის კომპოზიციები, მათ შორის იყო ნობელიანტ მწერალ კაზუო იშიგუროსთან ერთად, მწერლის ტექსტზე შექმნილი კომპოზიციები. შესრულდა კომპოზიციები სთეისი კენტის ჯაზის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი და პოპულარული ალბომიდან ალბომიდან – “Summer Me, Winter Me”, ასევე ბიტლზისა და მიშელ ლეგრანის სიმღერები.
„რამდენიმე ქართული სიტყვა ვისწავლე, მაგრამ ახლა ყველა დამავიწყდა… ნებისმიერ შემთხვევაში, ერთმანეთს შეგვიძლია მუსიკის გავლით ვეურთიერთოთ. ვერ გხედავთ, მაგრამ ვხედავ თქვენს ჩრდილებს თეატრის სკამებზე – როცა შეჯგუფებულები ხართ, იხრებით და სიყვარულს გამოხატავთ, იცით ეს რამხელა ენერგიას მაძლევს?! ეს ულამაზესია. ეს არის სამყარო, რომელიც სავსეა ულამაზესი სცენებით და მე კი, საშუალება მომეცა თვალი ვადევნო მას, ეს ისეთი განსაკუთრებულია, და მმატებს სურვილს გაგიზიაროთ მელოდიები”, – მიმართა მაყურებელს სცენიდან სთეისი კენტმა.
მართალია, ამ საღამოთი თბილისის 27-ე ჯაზ-ფესტივალი დასრულდა, თუმცა მსმენელს წინ ელის „ბლექ სი ჯაზ-ფესტივალი”, რომელიც 26-27-28 ივლისს ჩატარდება:
„ძალიან საინტერესო პროგრამა გვაქვს მომზადებული, ამ ფესტივალის შემდეგ დავაანონსებთ პროგრამას და დაიწყება ბილეთების გაყიდვა. ასე რომ, დაგეგმეთ ზაფხული ოჯახთან და ჩვენთან ერთად, არ ინანებთ, გაერთობით, გავერთობით ყველა ერთად. მუსიკაც შესაბამისად, ბათუმს, ზღვას და კარგ განწყობას რომ შეეფერება ისეთი გვექნება”, – განაცხადა გიორგი კერესელიძემ.