ახალი ამბები

პრეზიდენტი ცესკოზე კანონს ვეტოს დაადებს

10 მაისი, 2023 • 875
პრეზიდენტი ცესკოზე კანონს ვეტოს დაადებს

პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს დაადებს „ქართული ოცნების“ კანონპროექტს, რომლითაც ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესს ცვლის.

ამის შესახებ განცხადებას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საუბარია საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლითაც პარლამენტისთვის ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურების წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ერთპარტიული დანიშვნები სახელმწიფოებრიობას და ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგება.

„უკვე მესამედ, მმართველი უმრავლესობა ცვლის კანონებს იმ მიზეზით, რომ პრეზიდენტმა არ წარადგინა მათთვის სასურველი კანდიდატები კონკრეტულ თანამდებობებზე. ესენია: ელჩები, ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები. სამივე შემთხვევაში პრეზიდენტის პრინციპული პოზიცია გამომდინარეობს სახელმწიფო და არა პირადი ინტერესებიდან.

პრეზიდენტი კანდიდატურების შერჩევისას ხელმძღვანელობს მათი დამოუკიდებლობის ხარისხითა და მიუკერძოებლობით. პრეზიდენტი ეჭვქვეშ არ აყენებს მათ კვალიფიკაციას, მაგრამ პრინციპულად მიაჩნია, რომ ასეთ თანამდებობებზე ერთპარტიული დანიშვნები ეწინააღმდეგება სახელმწიფოებრიობას და ევროპულ მომავალს. ამდმენად, ამ კანონსაც პრეზიდენტი ვეტოს დაადებს“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


საკანონმდებლო ცლილებები დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევად მოქმედი თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი აღარ წარუდგინა. პრეზიდენტის მიერ წარდგენილ კანდიდატურებს კი „ქართულმა ოცნებამ“ მხარი არ დაუჭირა. ამის გამო ამ დრომდე ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობას ისევ გიორგი კალანდარიშვილი იკავებს.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, პარლამენტისთვის ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურების წარდგენის პრეროგატივა პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

„ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული კანონპროექტით, ცესკოს 7 წევრს პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით აირჩევს, ხოლო ცესკოს არაუმეტეს 9 წევრს პარტიები დანიშნავენ.

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესი 2021 წლის 19 აპრილის მიღებული ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებაში იყო გათვალისწინებული, თუმცა ამ შემთანხმების შემდეგ „ქართულმა ოცნებამ“ ის აქამდე უკვე შეცვალა, ახლა კი მმართველი პარტია ოპოზიციისა და პრეზიდენტის როლის გამორიცხავასაც უშვებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი