ახალი ამბები

პაპუაშვილი აუდიტს ოპოზიციური პარტიების დაფინანსებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს

10 მაისი, 2023 • 544
პაპუაშვილი აუდიტს ოპოზიციური პარტიების დაფინანსებით დაინტერესებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ოპოზიციური პარტიების ნაწილს უკანონო დაფინანსების მიღებაში ადანაშაულებს და აუდიტის სამსახურს საკითხის შესწავლისკენ მოუწოდებს.

კერძოდ, შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ რიგ ოპოზიციურ პარტიებს „ყალბი“ არასამთავრობო ორგანიზაციები აქვთ დაფუძნებული, რომლის საშუალებითაც, უცხოურ გრანტებს იღებენ. ქართული კანონმდებლობის მიხედვით პოლიტიკურ პარტიებს უცხო ქვეყნის მოქალაქისგან დაფინანსების მიღება ეკრძალებათ:

„გირჩის შემთხვევაში, “დროას” შემთხვევაში, სხვა პარტიების შემთხვევაში, ევროპულ საქართველოსაც აქვს ჩამოყალიბებული ყალბი არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც არა უბრალოდ აფილირებულია ამ პარტიებთან, პირდაპირ მათი დაფუძნებულია, ლიდერების მიერ, იმართება მათ მიერ და ხდება გრანტად გაფორმება პოლიტიკური ფულის, რაც არის პარტიების უკანონო დაფინანსება.

ამიტომ, მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახური დაინტერესდეს ამ საკითხით და ზოგადად, ამ ორგანიზაციებმაც გაასაჯაროონ საკუთარი დაფინანსება, მათ შორის დონორებმა, რომლებიც აფინანსებენ ამ ორგანიზაციებს, თუნდაც IRI-მ გაასაჯაროოს, რა მოცულობის თანხით აფინანსებს ამ ე.წ. ენჯეოს, რომელიც სინამდვილეში “გირჩის” პარტიის გაგრძელებაა. რა თანხით, რა მიზნებისთვის აფინანსებს, რატომ ხდება IRI-ის მიერ გადახდილი ფულით ახალგაზრდების იარაღთან შეჩვევა და რატომ ხდება რევოლუციური სცენარების დანერგვა“, — ამბობს შალვა პაპუაშვილი.

პაპუაშვილის ამ განცხადებას უკვე გამოეხმაურნენ ოპოზიციურ პარტიებში. პარტიაში „გირჩი მეტი თავისუფლება” აცხადებენ, რომ პაპუაშვილის განცხადება რუსული ტაქტიკის გაგრძელებაა. როგორც პარტიის წარმომადგენელი „ფორმულისთვის“ მიცემულ კომენტარში ამბობს, „გირჩი“ საკუთარ იდეოლოგიას არასამთავრობო ორგანიზაციის მეშვეობით ავრცელებს და თანამშრომლობენ როგორც არასამთავრობო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან:

„გირჩი მეტი თავისუფლების” წევრებმა გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი იდეოლოგია გავავრცელოთ არასამთავრობო ორგანიზაციით. მათ შორის ვთანამშრომლობთ ძალიან ბევრ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციასთან. ეს არის რუსული ტაქტიკის ერთ-ერთი ნაწილი, რომ ახლა აუდიტი შემოგვიგზავნონ, თითქოს რაღაცას ვაშავებთ”.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძეც. ბობოხიძე აღნიშნავს, რომ პაპუაშვილი და „ქართული ოცნება“, როგორც ყოველთვის, ცრუობს და ევროპულ საქართველოს, სამწუხაროდ, არანაირი დასავლური დაფინანსება არ აქვს:

„ნიშანდობლივია, რომ პაპუაშვილს აწუხებს დასავლური ორიენტაციის მქონე და დასავლეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთაც თითოეული თეთრიც გამჭვირვალე და ოფიციალურია, განსხვავებით პროპუტინისტური, პრორუსული ორგანიზაციებისგან, რომელთა დაფინანსების წყაროებიც უბრალოდ უცნობია.

ასევე, პაპუაშვილს მინდა შევახსენო, რომ „ქართული ოცნება“ არის ყველაზე მსხვილი ორგანიზაცია, რომელსაც გაზპრომის მსხვილი აქციონერი, ბიძინა ივანიშვილი აფინანსებს“, – თქვა აკაკი ბობოხიძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი