საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა[GDI] აკრიტიკებს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის, დავით ფაცაციას სარჩელზე სასამართლოს მიერ ტელეკომპანია “პირველის” მიმართ გამოტანილ განაჩენს. GDI-ის შეფასებით, განაჩენი ხელს უწყობს საზოგადოებაში ხელისუფლების კრიტიკასთან დაკავშირებით შიშის გაძლიერებას და არ შეესაბამება აქამდე ეროვნულ თუ ევროპულ დონეზე დადგენილ პრაქტიკას. ორგანიზაცია სასამართლოზე ტელეკომპანიის ინტერესებს იცავს.
საუბარია 15 000 ლარის დაკისრებაზე, რაც მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილმა ტელეკომპანია “პირველს” მორალური ზიანის ანაზღაურების მოტივით დააკისრა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა და “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სიძემ, დავით ფაცაციამ სასამართლოს მიმართა მედიაში გახმიანებული განცხადებების გამო, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნებს უკავშირდება. კერძოდ, დასკვნები ეხება დევნილთა ჩასახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარების დროს სამინისტროში გამოვლენილ დარღვევებს და თანხების არამიზნობრივ ხარჯვას. ტელეკომპანია „პირველში“ გაკეთებული განცხადებების თანახმად, “არამიზნობრივად დახარჯული თანხების კვალი სამინისტროს ხელმძღვანელამდე”, დავით ფაცაციამდე მიდის.
არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, დავით ფაცაცია თავდაპირველად კომპენსაციის სახით 1 ლარს ითხოვდა, მოგვიანებით კი ეს თანხა 30 000 ლარამდე გაზარდა. GDI აღნიშნავს, რომ თანხის გაზრდის შესახებ მოთხოვნა მოჰყვა თბილისის მერის, კახა კალაძის მედიის წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის დაკმაყოფილებას და ბიძინა ივანიშვილის ბიძაშვილის, უჩა მამაცაშვილის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში დატოვებას.
ამასთან, არასამთვრობო ორგანიზაცია მიუთითებს, რომ დავით ფაცაციამ მოთხოვნილი თანხის გაზრდის მოტივის შესახებ დასმულ შეკითხვაზე სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ ამით მედიისა და ჟურნალისტების დასჯა სურდა გაკეთებული განცხადებებებისთვის.
GDI-ის ინფორმაციით, სასამართლოში ტელეკომპანიის წარმომადგენლები უთითებდნენ, რომ აღნიშნული განცხადებები აუდიტის დასკვნის შესახებ გაკეთებული შეფასებები იყო, დავით ფაცაცია კი მოხსენიებული იყო როგორც სამინისტროს ხელმძღვანელი, რომელსაც სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაციებზე შესაბამისი რეაგირების ვალდებულება აკისრია.
GDI-ს ცნობით, სასამართლომ მოპასუხე მხარის პოზიციები არ გაიზიარა და მხედველობაში არ მიიღო მოსარჩელის რეალური მიზანი, რომლის მიხედვითაც მას სასარჩელო მექანიზმის სადამსჯელო ღონისძიებად გამოყენება სურდა.
ორგანიზაციის შეფასებით, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 15 000 ლარის დაკისრება მედიისთვის საგანგაშოა და არაგონივრულად მაღალ თანხას წარმოადგენს იმ ზიანთან მიმართებაში, რომელიც შესაძლოა, მინისტრს განეცადა:
“მსგავსი ცილისწამების საქმეზე 15 000 ლარის დაკისრება მედიისათვის, მაშინ როდესაც მეორე მხარეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირი დგას და გავრცელებული ინფორმაცია ეხება საჯარო ფუნქციების შესრულებას, არ შეესაბამება აქამდე ეროვნულ თუ ევროპულ დონეზე დადგენილ პრაქტიკას. ამასთან, ის მეტად უწყობს ხელს “მსუსხავი ეფექტის” და შესაბამისად შიშის გაძლიერებას საზოგადოებაში, რომ ხელისუფლების ნებისმიერი კრიტიკა შეიძლება დაექვემდებაროს პასუხისმგებლობას”, — აღნიშნავს GDI.
ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლების და მასთან დაკავშირებული გავლენიანი პირების წინააღმდეგ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები სასამართლო დავის დაწყების საფუძველი არაერთხელ გამხდარა, რაც GDI-ის განცხადებით, სასარჩელო მექანიზმის ბოროტად გამოყენებაა და მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების დაშინების გზით სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უკანონო შეზღუდვას.
“ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უსაფუძვლო სარჩელების შეტანის ტენდენციის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ქმნის განსაკუთრებით საშიშ პრეცედენტს, ვინაიდან არსებობს იმის მოლოდინი, რომ საჯარო პირების მხრიდან გაიზრდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მართლმსაჯულების ობიექტად ქცევის შემთხვევები, რაც არსებითად შეუშლის ხელს მედიის წარმომადგენლების საქმიანობას და შექმნის „მსუსხავ ეფექტს“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის”, — ნათქვამია განცხადებაში.