ახალი ამბები

გახარია: ქოლ-ცენტრები იდეალური მაგალითია, ერთად როგორ იპარავდნენ თაღლითურად ფულს

9 მაისი, 2023 • 2808
გახარია: ქოლ-ცენტრები იდეალური მაგალითია, ერთად როგორ იპარავდნენ თაღლითურად ფულს

„ქოლ-ცენტრების თემა არის იდეალური მაგალითი, როგორ სიჩუმეში, ბნელ ოთახში ერთად ისხდნენ და თაღლითურად ფულს ჰპარავდნენ ევროპელებს და ახლა, დღეს კიდევ, ფინანსური თაღლითობა გადაჰყავთ პოლიტიკურ თაღლითობაში და ცდილობენ, ერთმა ერთს დააბრალოს და მეორემ მეორეს“ ,— ეს განცხადება პარტიის „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა და „ქართული ოცნების“ ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე გააკეთა.

გახარიას თქმით, ამის ფასს საქართველოს თითოეული მოქალაქე გადაიხდის და აცხადებს, რომ რიგითი ევროპელის თვალში საქართველო ახლა თაღლითების ქვეყანაა:

„რა უნდა იფიქროს იმ ევროპელმა, ვიღაცას თუ დააინტერესა და დეტალებში წავიდა. იტყვის, რომ კაცო, აგერ ყოფილი თავდაცვის მინისტრი, ოპოზიციური პარტიის ლიდერი, და თურმე ევროპელ პენსიონერებს თაღლითურად ჰპარავს ფულს. მერე, კომისია რომ გაკეთდება, გაირკვევა, რომ ოფიციალური პირები ამას ან ხელს აფარებდნენ, ამ თაღლითს, ან თვითონაც თაღლითურად იპარავდნენ.

ეს ხალხი გააკეთებს ელემენტარულ დასკვნას, აქ ხელისუფლებაც თაღლითია, ოპოზიციაც თაღლითია, ესენი ყველანი თაღლითები ყოფილან და საბოლოო ჯამში ამ განაჩენს გამოუტანენ რიგით მოქალაქეს და ჩვენს შვილებს, მორჩა. ამიტომ არ უნდათ. ესენი ახლა რეალურად რასაც აკეთებენ, ერთმანეთზე გადაბრალებით ცდილობენ თავიანთი მოპარული ფული დაიცვან“, — აცხადებს გიორგი გახარია.

გიორგი გახარია, რომელიც ამჟამად ოპოზიციაშია, 2017 წლის ნოემბრიდან 2019 წლის სექტემბრამდე „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შინაგან საქმეთა მინისტრის, 2019 წლის სექტემბრიდან 2021 წლის თებერვლამდე კი პრემიერ-მინისტრის პოსტს იკავებდა. მანამდე გახარია „ქარტული ოცნების“ მთავრობაში ეკონომიკის მინისტრიც იყო.

ე.წ. ქოლცენტრების საკითხი პოლიტიკურ დღის წესრიგში BBC-ს საგამოძიებო სიუჟეტის გამოქვეყნების შემდეგ დადგა.

BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების თანახმად, მათ იდენტიფიცირებული აქვთ თაღლითური ქსელის 152 ბრენდი. პოლიციისთვის ეს ქსელის „მილტონ გრუპის“ სახელითაა ცნობილი, რომელიც თავდაპირველად 2020 წლამდე გამოიყენებოდა.

BBC-ის ჟურნალისტების გამოძიების თანახმად, „მილტონ გრუპთან“ დაკავშირებულ კომპანიებში დირექტორებად ფიგურირებს ხუთი ადამიანი – დავით თოდუა, რატი ჭელიძე, გურამ გოგეშვილი, ჯოზეფ მგელაძე და მაიკლ ბენიმინი. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ეს სახელები და გვარები „პანამის დოკუმენტებში“ მოძებნეს და აღმოაჩინეს, რომ ოთხი მათგანი იყო ან დირექტორი, ან უფროსი ფიგურა კომპანიებში, რომლებიც „მილტონ გრუპამდე“ არსებობდა. გამოძიების მიხედვით, საბოლოო ჯამში, ამ ინფორმაციამ ისინი დავით კეზერაშვილის სახელთან და გვართან მიიყვანა.

გამოძიების მიხედვით, საჯაროდ ხელმისაწვდომი დოკუმენტაცია, რომელიც ქსელთან კეზერაშვილის კავშირს ადასტურებს, არ არის. აგრეთვე, არ არის მტკიცებულება, რომ კეზერაშვილს პირდაპირი ფინანსური ინტერესი აქვს „მილტონ გრუპის“ ბრენდებში, თუმცა, როგორც ჟურნალისტებმა მოიკვლიეს, „პანამის დოკუმენტების“ თანახმად, „მილტონ გრუპამდე“ არსებულ ქსელში დამფუძნებლად ან აქციონერად ფიგურირებდა დავით კეზერაშვილი.

ასევე „მილტონ გრუპთან“ დაკავშირებული კომპანიების რამდენიმე ყოფილი თანამშრომელი ყვება, რომ მათ პირდაპირი კავშირი ჰქონდათ კეზერაშვილთან და იციან, რომ იგი ჩართულია ქსელის საქმიანობაში. „ბი-ბი-სი“-ს ცნობითვე, კეზერაშვილი ხშირად აპიარებდა თაღლითურ სავაჭრო პლატფორმებს თავის სოციალურ ქსელებში, ხოლო მისი რამდენიმე კომპანია იყენებდა ელექტრონული ფოსტის კერძო სერვერებს, რომლებიც ასევე გამოიყენებოდა „მილტონ გრუპის“ კომპანიების მერე.

თავად კეზერაშვილი საპასუხო განცხადებაში აღნიშნავს, რომ BBC-ის საგამოძიებო მასალაში აღწერილ ე.წ. ქოლ-ცენტრებთან კავშირი არასდროს ჰქონია. კეზერაშვილის თქმით, აპირებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი ბერკეტი BBC-ის საგამოძიებო მასალაში „ფაქტების უზუსტობის“ გამო. დავით კეზერაშვილის სიტყვებით, ყოველთვის გამოთქვამდა მზადყოფნას და დღესაც მზადაა ე.წ. ქოლ-ცენტრების თემაზე ევროპული ქვეყნების საგამოძიებო სტრუქტურებთან თანამშრომლობისთვის.

ე.წ. ქოლცენტრების საქმეზე პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატივა თავდაპირველად პარტიიის „საქართველოსთვის“ წევრებმა გაახმიანეს. დეპუტატი ბექა ლილუაშვილი ამბობდა, რომ თუ BBC-ს საგამოძიებო რეპორტაჟში მოყვანილი ფაქტები დადასტურდება, ქვეყანას მძიმე პოლიტიკური ქარიშხალი დაატყდება თავს და გაჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ვერ ან არ გამოძია და აღკვეთა მსგავსი თაღლითური სქემების მუშაობა ქვეყნის ტერიტორიაზე საქართვეოს საგამოძიებო უწყებებმა.

მისი თქმით, საგამოძიებო კომისიის მიზანი უნდა იყოს, დადგინდეს, ვინ არის პასუხისმგებელი ამ მასშტაბის დანაშულის არ/ვერ აღკვეთაზე და ასევე ხელი შეუწყოს გამოძიებას სქემაში მონაწილე და მათი მფარველი პირების გამოსავლენად.

მასალების გადაბეჭდვის წესი