ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

“რუსეთი საფრთხეა” – როგორ იცვლება საზოგადოებრივი აზრი სომხეთში

9 მაისი, 2023 • 1336
“რუსეთი საფრთხეა” – როგორ იცვლება საზოგადოებრივი აზრი სომხეთში

ავტორი: ჰრანტ მიკაელიანი, ერევანი


საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა [IRI] სომხეთში შიდა და საგარეო პოლიტიკურ საკითხებზე კვლევის შედეგები გამოაქვეყნა [კვლევის ფარგლებში სომხეთის ყველა რეგიონში 18 წელს ზემოთ 1513 ადამიანი გამოკითხა]. კვლევა აჩვენებს, რომ რუსეთის საგარეო საფრთხედ აღქმის მაჩვენებელი წლიდან წლამდე იზრდება.

მთლიანობაში, თუკი შევეცდებით სომხეთში შიდაპოლიტიკური მდგომარეობის აღწერას, განწყობები ძირითადად კრიტიკულია – მოსახლეობის მხოლოდ მესამედი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ეს აზრი მკვეთრად განსხვავდება იმ განწყობებისგან, რომელიც არსებობდა 2020 წლის ომში სომხეთის კატასტროფულ დამარცხებამდე, თუმცა კვლავაც სტაბილურია ხელისუფლების მხარდაჭერის მაჩვენებელი. 

ინსტიტუტებისა და ხელისუფლების მხარდაჭერა 

სომხეთში ყველა ინსტიტუტს შორის ყველაზე დიდი ლეგიტიმაცია სომხეთის აპოსტოლურ ეკლესიას აქვს, რომლის საქმიანობასაც 54% დადებითად აფასებს, თუმცა ცხადია, რომ ესეც საკმაოდ დაბალი ციფრებია.

სომხეთის არმიამ კი 30- წლიანი დამოუკიდებლობის ისტორიაში ყველაზე ნაკლები მხარდაჭერა მიიღო –  არმიის მიმართ დადებითად მხოლოდ 40%-ია განწყობილი,  რაც 2019 წლის მაჩვენებელს ბევრად ჩამორჩება – მაშინ არმიას 91% უჭერდა მხარს.

ასევე შემცირდა პრემიერ-მინისტრის [ნიკოლ ფაშინიანის] ოფისის მხარდაჭერა – მას მხარს მხოლოდ 37% უჭერს, რაც არა მხოლოდ ყარაბაღის პრობლემასთან არის დაკავშირებული,  ასევე, კორუფციის აღქმასთან. გამოკითხვის თანახმად, მოსახლეობის 73% კორუფციას ასახელებს ქვეყნის მნიშვნელოვან პრობლემად.

ინსტიტუციების მიმართ განწყობების უკეთ გასაგებად შეგვიძლია სურათი შევადაროთ საქართველოს, სადაც ბოლო პერიოდში ასევე ჩატარდა IRI-ის კვლევა.

საზოგადოებრივ პოლიტიკური ინსტიტუტების მხარდაჭერა სომხეთსა და აზერბაიჯანში

სომხეთი

საქართველო

მხარს ვუჭერ 

არ ვუჭერ მხარს  

მხარს ვუჭერ 

არ ვუჭერ მხარს

ეკლესია (საპატრიარქო)

54

40

72

20

ცენტრალური საარჩევნო კომისია

46

45

43

51

ჯარი

40

59

77

16

მთავრობა

37

61

41

48

სასამართლო

29

56

39

46

პარლამენტი

25

74

36

59

შესაბამისად, რესპონდენტები სწორედ ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ხედავენ სომხეთისთვის მთავარ პრობლემებს. ძირითად გამოწვევად გამოკითხულთა 44% საზღვრებისა და უსაფრთხოების პრობლემას ასახელებს, კიდევ 8% კი- არმიის რეფორმებს. კიდევ 8% მთავარ პრობლემად უმუშევრობას და სხვა ეკონომიკურ პრობლემებს ასახელებს.

რაც შეეხება ტენდენციებს, გამოკითხულთა მხოლოდ 2% არის კმაყოფილი სომხეთის ხელისუფლების პოლიტიკით ყარაბაღის პრობლემის საკითხში, 53% კი – უკმაყოფილო. ასეთი განწყობების მიზეზად კი გამოკითხულებმა დაასახელეს აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის დახურვა,  მუდმივი სასაზღვრო ინციდენტები, რასაც ტერიტორიების დაკარგვა მოჰყვება ხოლმე, და ყარაბაღის საკითხის უგულებელყოფა.

საგარეო პოლიტიკა 

გამოკითხვისას ერთ-ერთი კითხვა უკავშირდება სხვა ქვეყნების მიმართ განწყობებს. აქ ყველაზე მეტმა გამოკითხულმა დადებითი განწყობა საფრანგეთის მიმართ [99%] გამოხატა. მეორე ადგილზე ირანი [91%], მესამეზე – აშშ [88%], შემდეგ- ევროკავშირი 86%-ით და საქართველო – 80%. რუსეთი 50%-ით მხოლოდ მეშვიდე ადგილზე აღმოჩნდა. 49%-მა რუსეთთან უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა. რუსეთის მიმართ ეს დამოკიდებულება ყველაზე უარყოფითია დამოუკიდებელი სომხეთის ისტორიაში, რადგანაც, ტრადიციულად, რუსეთის მიმართ დადებითი დამოკიდებულება მუდამ 80% და მეტი იყო. ყველაზე უარყოფითი დამოკიდებულება გამოკითხულებმა აზერბაიჯნისა [96%] და თურქეთის [75%] მიმართ გამოხატეს.

სომხეთის ძირითადი პარტნიორები სხვადასხვა სფეროში

პოლიტიკა

ეკონომიკა

უსაფრთხოება

საფრანგეთი – 75% რუსეთი – 61% ირანი – 54%
ირანი – 67% ირანი – 60% საფრანგეთი – 52%
აშშ– 52% ჩინეთი – 43% რუსეთი – 50%
რუსეთი – 50% საფრანგეთი– 32% აშშ– 37%
ევროკავშირი – 36% საქართველო– 31% ევროკავშირი – 22%

როგორც ვხედავთ, სამი ძირითადი პოზიციიდან, სადაც აქამდე რუსეთი დომინირებდა, მან ორი დათმო, უსაფრთხოებაც კი, თუმცა სომხეთში ამ დრომდე რჩება 102 რუსული  სამხედრო ბაზა, მთიან ყარაბაღში კი –  რუსეთის სამშვიდობო მისია.

მეტიც, რუსეთი სულ უფრო მეტად აღიქმება საფრთხედ – როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით [ასე ფიქრობს გამოკითხულთა დაახლოებით 25%]. რას უკავშირდება ეს?

აქ შეგვიძლია სამი ძირითადი მიზეზი გამოვყოთ, რომელმაც თანაბარი გავლენა იქონია საზოგადოებრივი აზრის ტრანსფორმაციაზე:

ცუდად არგუმენტირებული, რუსეთისთვის წარუმატებელი და სასტიკი ომი უკრაინაში, რომელიც რუსეთის არა მხოლოდ იზოლაციას უწყობს ხელს, ასევე, აჩვენებს რუსეთის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის სრულ არაკომპეტენტურობას. ამასთან, რუსეთმა მხარი არ დაუჭირა სომხეთს აზერბაიჯანის  თავდასხმის არცერთ ეპიზოდში, 2022 წელსაც კი, როდესაც 227 სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა და 150 კვ. მ სომხეთის საბჭოთა ტერიტორიისა აზერბაიჯანმა დაიკავა. 

სხვა, MPG [Gallup]-ის გამოკითხვის მიხედვითაც, უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში შეიცვალა დამოკიდებულებარუსეთის “სამხედრო ოპერაციასთან” დაკავშირებით უკრაინის წინააღმდეგ. თუკი, 2022 წლის აპრილში გამოკითხულთა 45.8% ფიქრობდა, რომ რუსეთის სამხედრო ნაბიჯებს რაღაც საფუძველი ჰქონდა [39.6%-ის აზრით, ეს ქმედება გაუმართლებელი იყო], უკვე 2023 წლის მარტში  72.5% მიიჩნევდა ომს გაუმართლებლად, 38.4% კი,  დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ – გამართლებულად [რაც 2-ჯერ მეტია 2022 წლის მაჩვენებელზე]. 

MPG-ის შესაბამისადვე, რუსეთს სულ უფრო მეტად თვლიან პასუხისმგებლად [ან დამნაშავედ] აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის კორიდორის ბლოკადის საკითხში, რომლის შედეგადაც უკვე 4 თვეა მთიანი ყარაბაღის 120 ათასი სომეხი  სომხეთში გადაადგილების პრობლემის წინაშე და შიმშილის ზღვარზე იმყოფება. ამ საკითხში რუსეთს პასუხისმგებლობას თუ 38.2% აკისრებს, აზერბაიჯანს მხოლოდ 36.3% მიიჩნევს დამნაშავედ; სომხეთის ხელისუფლებას კი -28.1%. 

ამის მიუხედავად, სომხეთისთვის მთავარ საფრთხედ გამომოკითხულთა [IRI-ს კვლევა) უმრავლესობა [93% ] აზერბაიჯანს, ხოლო 89% – თურქეთს მიიჩნევს. ეკონომიკური საფრთხეების კუთხით, თურქეთი დაასახელა 66% -მა, აზერბაიჯანი 62%-მა, ხოლო რუსეთი 28%-მა.  თუმცა, თუკი თურქეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან საფრთხეების აღქმა მოსახლეობისთვის ბუნებრივია, რუსეთის განხილვა საგარეო საფრთხის კონტექსტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამბავია. მეტიც, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ უკანასკნელი 3 წლის განმავლობაში, თვეში საშუალოდ 1%-ით მცირდებოდა რუსეთის მიმართ დადებითი დამოკიდებულება, უნდა ვივარაუდოთ, რომ კრიტიკული შეფასებები უკვე დომინანტური გახდა. 


მასალების გადაბეჭდვის წესი