ახალი ამბები

მკვლელობა გოგებაშვილის ქუჩაზე: დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

6 მაისი, 2023 • 2651
მკვლელობა გოგებაშვილის ქუჩაზე: დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურა “დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობას” ედავება დაცვის თანამშრომელს, რომელიც თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დააკავეს.

მკვლელობა 4 მაისს მოხდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული[კ.კ.] იმყოფებოდა დასაცავი პირის ნათესავთან[გ.მ.], რა დროსაც ამ უკანასკნელს თავდამსხმელმა[გამოძიების ცნობით, ს.გ.] ცეცხლი გაუხსნა.

თავდამსხმელს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა ბრალდებულმა, რის შედეგადაც თავდამსხმელი გარდაიცვალა.

ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორია.

თავდაპირველად შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, რაც 10-დან 15 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. თუმცა, პროკურატურის განცხადების მიხედვით, დაკავებულს ბრალდება დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილების მუხლით წარედგინა, რომლის სასჯელის ზომაც გაცილებით მსუბუქია და მოიცავს:

გამოსასწორებელ სამუშაოს ვადით ორ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.

როგორც პროკურატურაში ამბობენ, შსს-მ გამოძიება მართლაც დაიწყო განზრახ მკვლელობის მუხლით, რაც მიღებული პრაქტიკაა საქმის კონკრეტული გარემოებების დადგენამდე. უწყებაში აღნიშნავენ, რომ საქმეზე გამოძიება გრძელდება.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების ვერსიით:

“4 მაისს, საღამოს საათებში, თბილისში, იაკობ გოგებაშვილის ქუჩაზე იმყოფებოდნენ გ. მ. და კერძო პირის დაცვის თანამშრომელი, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი კ.კ.

გოგებაშვილის ქუჩის გადამკვეთი, ბაშალეიშვილის ქუჩიდან მოულოდნელად გ.მ.-ს მიუახლოვდა ს.გ. და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ფეხების მიმართულებით. მიღებული დაზიანებების შედეგად, გ.მ. ძირს დაეცა. ს.გ. მიუახლოვდა ძირს დაცემულ გ.მ.-ს და კვლავ განახორციელა გასროლა მისი ფეხების მიმართულებით. ს.გ.-მ გ.მ.-ს ყველა დაზიანება ქვედა კიდურების არეში მიაყენა, რის შემდგომ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.

მიუხედავად იმისა, რომ ს.გ.-მ შეწყვიტა სროლა გ.მ.-ს მიმართულებით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა კ.კ.-მ, თანნაქონი „გლოკ 17“ მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით, რამდენჯერმე გაისროლა ს.გ.-ს მიმართულებით.

მიყენებული ჭრილობების შედეგად ს.გ. ადგილზე გარდაიცვალა.კ.კ.-ს ბრალდება დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობისათვის წარედგინა”.

საქართველოს პროკურატურის თქმით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი