ახალი ამბები

ღარიბაშვილის “ოჯახის დაცვის” რიტორიკა მისი გაუქმებული FB ანგარიშებით ყალბია — ლომჯარია

4 მაისი, 2023 • 3375
ღარიბაშვილის “ოჯახის დაცვის” რიტორიკა მისი გაუქმებული FB ანგარიშებით ყალბია — ლომჯარია

ყოფილი სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია ეხმაურება ბუდაპეშტში, CPAC-ის კონფერენციაზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლას და აცხადებს, რომ მისი “ოჯახის დაცვის” რიტორიკა ყალბია. ამის შესახებ მან დღეს, 4 მაისს, ფეისბუკ პოსტში დაწერა.

“ღარიბაშვილის “ოჯახის დაცვის” რიტორიკა ისეთივე ყალბია, როგორც მისი ფეისბუქ ანგარიშები, რომლებიც გაუუქმეს:

  • ის არის კაცი, რომელმაც საკუთარი შვილის თანატოლი ბავშვები ქვეყნის მტრებად გამოაცხადა “ფრანკლინის კლუბის” დისკუსიებში მონაწილეობის გამო, თვითონ კი შვილი ამერიკაში, ფრანკლინის მიერ დაარსებულ, ლიბერალიზმის პრინციპებზე მდგარ პენსილვანიის უნივერსიტეტში გაუშვა სასწავლებლად;
  • დედების, მამების და ბავშვების პატივისცემაზე გვმოძღვრავს კაცი, რომელიც მის სამსახურთან გაყინული და ნატანჯი დედების ცრემლებს და მოთქმას აყურებინებს მათ შვილებს და ქმრებს, თვითონ კი ერთხელაც არ შეწუხებულა მათთვის მოესმინა;
  • მას ჰგონია, რომ ოჯახის პატივისცემა მამისთვის ღვინის ქარხნის, ხოლო ცოლისთვის სახელმწიფო ტყის ჩუქებაა.

სინამდვილეში, ღარიბაშვილი კონსერვატორი კი არა, კორუმპირებული კაცია. სამწუხაროდ, მისი ქცევა და რიტორიკა ქართველი ხალხის წინააღმდეგ აღმართული დაბრკოლებაა ევროპისკენ მიმავალ გზაზე”, — წერს ლომჯარია.


დღეს, 4 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უნგრეთში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კომიტეტის [CPAC] კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. დაახლოებით 20-წუთიან გამოსვლაში მთავრობის თავმჯდომარემ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა და არაერთი ჰომოფობიური განცხადება გააკეთა. „ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნება“ და „უმცირესობის მიერ უმრავლესობაზე ძალადობის დაუშვებლობა” იყო მისი გამოსვლის მთავარი აქცენტები.

პრემიერის მტკიცებით, მაშინ, როცა საქართველოს უმრავლესობა იზიარებს ტრადიციულ ღირებულებებს, ძალები, რომლებიც ამ ყველაფერს ეწინააღმდეგებიან, აკეთებენ ამას „ლგბტ პროპაგანდით“, რაც მისი აზრით, საბოლოო ჯამში, „ფესვებს მოწყვეტილი“ ხალხის უფრო მარტივად მართვას ისახავს მიზნად. მისივე თქმით, საფრთხეს წარმოადგენენ „ისინი, ვინც რწმენისა და ღირებულებების არმქონენი და აგრესიული ცინიზმით, ხშირად დემოკრატიის, რელიგიისა და თავისუფლების სახელით, ეწინააღმდეგებიან თავისუფლებას და სიმართლეს“.

ნეტგაზეთი ასევე გირჩევთ:

Facebook-ის გამოძიება: მთავრობა დუმს, NGO-ები კი საპარლამენტო მექანიზმების ამოქმედებას ითხოვენ

მასალების გადაბეჭდვის წესი