ახალი ამბები

ევროპარლამენტარი ღარიბაშვილს CPAC-ში მონაწილეობის გამო აკრიტიკებს

28 აპრილი, 2023 • 1927
ევროპარლამენტარი ღარიბაშვილს CPAC-ში მონაწილეობის გამო აკრიტიკებს

ევროპარლამენტარი ტეის რეიტენი, რომელიც  „ქართული ოცნების“ პარტნიორ პოლიტიკურ ჯგუფს წარმოადგენს, აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის პროევროპულ უმრავლესობას შეურაცხყოფს.

ასე ეხმიანება ევროპარლამენტარი უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაში (CPAC) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობას.

„საქართველოს ხელისუფლება  უბრალოდ შეურაცხყოფას აყენებს ქვეყნის პროევროპულ უმრავლესობას. „ქართულ ოცნებას“ ვიქტორ ორბანთან და სხვა [ადამიანის] უფლებების მოწინააღმდეგე – პუტინის მეგობრებთან ურთიერთობა ურჩევნია ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე მუშაობას. ეს არანაირად წარმოადგენს ჩვენს ევროპულ ღირებულებებს“, – წერს ევროპარლამენტარი ტვიტერზე.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 4-5 მაისს უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციის სპიკერებს შორისაა.

„ასოშიეტიდ პრესის“ თანახმად, ორდღიანი კონფერენცია ასახავს კავშირების გაღრმავებას ამერიკის მემარჯვენე ფრთასა და ვიქტორ ორბანის ავტოკრატიულ მთავრობას შორის.

კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია (CPAC) არის 1974 წელს აშშ-ში დაფუძნებული კონსერვატორთა ყოველწლიური შეკრება. ევროპაში კი CPAC მეორე წელია, უნგრეთში ტარდება. შარშან ბუდაპეშტში კონფერენციას „ფუნდამენტურ უფლებათა ცენტრმა“ უმასპინძლა. CPAC-უნგრეთის ვებ-გვედის თანახმად, ღონისძიება ორიენტირებული იყო „ღმერთის, სამშობლოს, ოჯახის“ ღირებულებებზე. წლევანდელი კონფერენციის დევიზია „ერთად ჩვენ ძლიერები ვართ“.

მასალების გადაბეჭდვის წესი