კომენტარი

ლინკოლნ მიტჩელი: CPAC-ზე გამოსვლით ღარიბაშვილი ფაშისტების რიგებში ეწერება

27 აპრილი, 2023 • 3870
ლინკოლნ მიტჩელი: CPAC-ზე გამოსვლით ღარიბაშვილი ფაშისტების რიგებში ეწერება

ამერიკელი ანალიტიკოსი, წარსულში „ქართული ოცნების“ ყოფილი მრჩეველი ლინკოლნ მიტჩელი ეხმაურება უნგრეთში დაგეგმილ კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენციაში (CPAC) საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მონაწილეობას.

ლინკოლნ მიტჩელის შეფასებით, ამით ღარიბაშვილი ფაშისტების, ფანატიკოსების, არჩევნების უარმყოფლების და პუტინის აპოლოგეტების რიგებში ჩაეწერა.

„მე ვაცნობიერებ, რომ წარსულში ვიყავი „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი. მე მჯერა, რომ მათი გამარჯვება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ 2012 წელს, მნიშვნელოვანი იყო საქართველოსთვის და თუ ენმ დარჩებოდა ხელისუფლებაში, საქართველო სავარაუდოდ, უფრო უარეს მდგომარეობაში იქნებოდა, ვიდრე დღეს არის. ასე რომ, ვიმედოვნებ, ჩემი პოზიცია აღქმული იქნება ამ კონტექსტში და შესაძლოა, ეს ფაქტი მეტ წონას და მნიშვნელობას სძენდეს ჩემს სიტყვებს“, — ამბობს მიტჩელი ვიდეომიმართვაში.

ლინკოლნ მიტჩელი Twitter-ზე მოარული ხუმრობის ტრენდით აღწერს, თუ რა გზავნილია ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლა ზემოხსენებულ საერთაშორისო კონფერენციაზე.

„თუ Twitter-ზე შეგხვდებოდათ მიმი „მითხარი, რომ ხარ ფაშისტი ისე, რომ არ მითხრა, რომ ფაშისტი ხარ“, შეგიძლია თქვა: „მე გამოვდივარ CPAC-ზე უნგრეთში“. ამას მივყავართ საქართველოს პრემიერ-მინისტრამდე. ან პრემიერ-მინისტრის უახლოეს გარემოცვაში რომ იყო და ფიქრობდე — როგორ გავუგზავნოთ ბაიდენის ადმინისტრაციას, დემოკრატებს დასავლეთში გზავნილი, რომ ჩვენ მართლა ისეთი ცუდები ვართ, როგორსაც მათ ეუბნებიან, რომ ვართ… არჩევანი შეიძლება იყოს ზუსტად ეს — CPAC-ზე სიტყვით გამოსვლა, ჩვენს ბედს დავუკავშირებთ ყველაზე მახინჯ, ყველაზე ავტორიტარულ, ყველაზე ფაშისტურ, ყველაზე პრორუსულ მოძრაობებს დასავლეთში. CPAC-ზე გამოსვლა იქნებოდა ასეთი გზავნილი. ზუსტად ამას აკეთებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი“, — ამბობს მიტჩელი.

ის ხაზს უსვამს, რომ კონფერენციის სპიკერების სრული შემადგენლობა დადასტურებული არ არის, თუმცა მათ შორისაა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელსაც მიტჩელი ირონიულად „დიდ დემოკრატს“ უწოდებს და ამბობს, რომ ის 21-ე საუკუნის ნეო-ფაშისტური მოძრაობის ზღვარზეა; ასევე, ერთ-ერთი ამერიკელი სპიკერია კერი ლეიკი, რომელიც არ აღიარებს [აშშ-ის 2020 წლის]არჩევნების შედეგებს.

„მან დაკარგა არიზონას გუბერნატორობის შანსი, თუმცა ისევ იძახის, რომ მან მოიგო. მას სერიოზულად არავინ უყურებს აშშ-ში, ექსტრემისტების გარდა და როგორც ჩანს, ის დონალდ ტრამპის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების სიაშია. თქვენ ასევე შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, არჩევნების უარმყოფელი როგორ არ ეხატება გულზე ბაიდენის ადმინისტრაციას. ბაიდენი არის აშშ-ის პრეზიდენტი და კარგი შანსი აქვს, ხელახლა იყოს არჩეული. ერთი წუთით გავიფიქრე, იქნებ ღარიბაშვილი იმდენად სულელია, რომ ვერ ხვდება, რას აკეთებს, თუმცა გულწრფელად არ მჯერა ამის. ის ამას გაცნობიერებულად აკეთებს. ამას აკეთებს, რადგან სურს ნათელი მოჰფინოს, თუ სად დგას. უკეთესი გზა არ არსებობს იმის გასაგებად, თუ სად დგას ახლა „ქართული ოცნების“ მთავრობა. პრემიერ-მინისტრის გამოსვლა CPAC-ზე არის განაცხადი, რომ ჩვენ არ ვართ დაინტერესებული დემოკრატიით, ჩვენ არ ვართ დაინტერესებული დასავლეთით. სხვა ახსნა არ არსებობს“, — ამბობს მიტჩელი.

ლინკოლნ მიტჩელის თქმით, ის არ არის დარწმუნებული, თუ რას ნიშნავს ეს ყოველივე საქართველოს მომავლისთვის, თუმცა იცის, რომ სანამ „ქართული ოცნება“ ამ ხელმძღვანელობით არის ხელისუფლებაში, ის არ ივლის დემოკრატიისკენ და უკიდურესად გართულდება დასავლეთთან კავშირების გამყარება.

„ეს ძალიან ცუდი დღეა საქართველოსთვის და განსაკუთრებით სულელური და მავნე გადაწყვეტილება ღარიბაშვილის მხრიდან. აწი შეუძლებელია არ იცოდე, სად დგას საქართველოს პრემიერ-მინისტრი. და ის დგას ფაშისტების გვერდით, ის დგას ფანატიკოსების გვერდით, ის დგას იმ ადამიანების გვერდით, რომელთაც სურთ იაფფასიანი, მოკლევადიანი პოლიტიკური სარგებელი მიიღონ საზოგადოების ყველაზე მოწყვლად ჯგუფებზე თავდასხმით; ლგბტი ადამიანების უფლებების უარყოფით; რელიგიურ და ექსტრემისტულ ფანატიკოსებთან და მათთან ერთად ყოფნით, ვინც ამბობენ, რომ შეიძლება პუტინი არც ისე ცუდი ტიპია“, — დასძენს ლინკოლნ მიტჩელი.

მასალების გადაბეჭდვის წესი