ახალი ამბები

ღარიბაშვილი CPAC-ში მონაწილეობის მიზნით ბუდაპეშტში გაემგზავრა

3 მაისი, 2023 •
ღარიბაშვილი CPAC-ში მონაწილეობის მიზნით ბუდაპეშტში გაემგზავრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გაემგზავრა.

კონფერენცია ბუდაპეშტში 4-5 მაისს ჩატარდება, სადაც დაგეგმილია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა.

“პრემიერ-მინისტრი ასევე გამართავს მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრებს. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე არიან”, – ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.

ევროპის სოციალისტური პარტია(PES), რომლის დამკვირვებელი წევრიც „ქართული ოცნებაა“, საქართველოს მმართველ პარტიასთან პარტნიორობის გადახედვას განიხილავს.

„ქართული ოცნების“ შესახებ PES-ის ლიდერებმა 28 აპრილს ვიდეოკონფერენციაზე იმსჯელეს.

კერძოდ, ევროპის სოციალისტური პარტია ღრმად შეშფოთებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ბოლო განცხადებებითა და „ქართული ოცნების“ ქმედებებით. „ოცნების“ პარტნიორების შეშფოთებას იწვევს  უნგრეთში დაგეგმილი კონსერვატორთა საერთაშორისო კონფერენცია(CPAC), რომელშიც მონაწილეობასაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც მიიღებს.

„თუ PES-ის დამკვირვებელი წევრი პარტიიდან პრემიერ-მინისტრს სურს ღირებულებების გაზიარება ვიქტორ ორბანთან და ამერიკელ კონსერვატიულ კონფერენციასთან, მაშინ ჩვენ ოფიციალურად უნდა ვიმსჯელოთ ამ პარტიის სტატუსზე“, – განაცხადა PES-ის აღმასრულებელმა გენერალურმა მდივანმა ჯაკომო ფილიბეკმა.

ამასთან, ევროპის სოციალისტური პარტიის ცნობით, „ქართული ოცნების“ დამკვირვებელთა წევრობასთან დაკავშირებით საკითხი ჯერ კიდევ მარტში PES-ის პრეზიდენტის სტეფან ლოფვენმის მიერ წამოიჭრა. ეს ის პერიოდია, როცა „ქართული ოცნება“ რუსული კანონის მიღებას აპირებდა.

PES-ის ცნობით, „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი წევრის სტატუსის გადახედვას ივნისში განიხილავენ.

კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია (CPAC) არის 1974 წელს აშშ-ში დაფუძნებული კონსერვატორთა ყოველწლიური შეკრება. ევროპაში კი CPAC მეორე წელია, უნგრეთში ტარდება. შარშან ბუდაპეშტში კონფერენციას „ფუნდამენტურ უფლებათა ცენტრმა“ უმასპინძლა. CPAC-უნგრეთის ვებ-გვერდის თანახმად,  წლევანდელი კონფერენციის დევიზია „ერთად ჩვენ ძლიერები ვართ“.

ირაკლი ღარიბაშვილი ამ კონფერენციაში მონაწილეობის გამო გააკრიტიკა ამერიკელმა ანალიტიკოსმა და “ქართული ოცნების” ყოფილმა კონსულტანტმა ლინკოლნ მიტჩელმა. მისი შეფასებით, ამით ღარიბაშვილი ფაშისტების, ფანატიკოსების, არჩევნების უარმყოფლების და პუტინის აპოლოგეტების რიგებში ჩაეწერა.

„თუ Twitter-ზე შეგხვდებოდათ მიმი „მითხარი, რომ ხარ ფაშისტი ისე, რომ არ მითხრა, რომ ფაშისტი ხარ“, შეგიძლია თქვა: „მე გამოვდივარ CPAC-ზე უნგრეთში“. ამას მივყავართ საქართველოს პრემიერ-მინისტრამდე. ან პრემიერ-მინისტრის უახლოეს გარემოცვაში რომ იყო და ფიქრობდე — როგორ გავუგზავნოთ ბაიდენის ადმინისტრაციას, დემოკრატებს დასავლეთში გზავნილი, რომ ჩვენ მართლა ისეთი ცუდები ვართ, როგორსაც მათ ეუბნებიან, რომ ვართ… არჩევანი შეიძლება იყოს ზუსტად ეს — CPAC-ზე სიტყვით გამოსვლა, ჩვენს ბედს დავუკავშირებთ ყველაზე მახინჯ, ყველაზე ავტორიტარულ, ყველაზე ფაშისტურ, ყველაზე პრორუსულ მოძრაობებს დასავლეთში. CPAC-ზე გამოსვლა იქნებოდა ასეთი გზავნილი. ზუსტად ამას აკეთებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი“, — ამბობს მიტჩელი.

ლინკოლნ მიტჩელი: CPAC-ზე გამოსვლით ღარიბაშვილი ფაშისტების რიგებში ეწერება

მასალების გადაბეჭდვის წესი