ახალი ამბები

ბრალი წაუყენეს სამ პირს, რომლებიც დაავადებული ცხენის ხორცს ყიდდნენ

3 მაისი, 2023 • 905
ბრალი წაუყენეს სამ პირს, რომლებიც დაავადებული ცხენის ხორცს ყიდდნენ

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიში პროდუქციის დამზადება-რეალიზაციისა და მომხმარებლის მოტყუების ფაქტებზე ბრალი სამ პირს წაუყენეს.

უწყების თქმით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული ე.ჯ. ფიზიკური პირებისგან ყიდულობდა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ, დაავადებულ ცხენის ხორცს, რომელსაც კანონმდებლობით გათვალისწინებული ვეტერინარულ-სანიტარული სავალდებულო პროცედურების უგულებელყოფით ამუშავებდა და ინახავდა ქ. თბილისში მდებარე ფაქტობრივი საქმიანობის ადგილზე.

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, შემდგომში ბრალდებულის მიერ ცხენის ხორცის რეალიზაცია ხდებოდა ბრალდებულ დ.წ.-ზე, რომელიც ცხენის ხორცს აძლევდა დამუშავებული პროდუქტის სახეს და აწვდიდა ბრალდებულ დ.მ.-ს. ეს უკანასკნელი კი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, მომხმარებელთა მოტყუებით ყიდდა ქ. თბილისში არსებულ სავაჭრო ობიექტში თითქოსდა საქონლის ხორცისგან დამზადებული პროდუქტის სახით.

ფინანსთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სავაჭრო ობიექტებიდან და ბრალდებულთა ფაქტობრივი საქმიანობის ადგილებიდან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი დიდი ოდენობით ცხენის ხორცი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე მუხლითა და 219-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი