momxmarebeli.ge გეგმავს, მაღაზიაში გაყიდულ კვერცხში ანტიმიკრობული საშუალებების შემცველობის დასადგენად კვლევა ჩაატაროს და საჭირო თანხების შესაგროვებლად კამპანია დაიწყოს.
ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს მეურნეობებში ანტიმიკრობული პრეპარატების არაჯეროვანი გამოყენება წლების განმავლობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და მნიშვნელოვანია მეტის ცოდნა ანტიმიკრობული საშუალებების შემცველობის შესახებ იმ სურსათში, რომლითაც მოსახლეობა ყოველდღირუად იკვებება და ზოგადად, პრობლემის მასშტაბების შესახებ, რათა ხელისუფლებასა და მეწარმეებს შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა მოსთხოვონ.
momxmarebeli.ge-ს თქმით, სურსათიდან მომდინარე ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფრთხეს ანტიბიოტიკებისა და სხვა ანტიმიკრობული პრეპარატების ნარჩენები წარმოადგენს. ეს პრეპარატები ფართოდ გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ცხოველების სამკურნალოდ და დაავადებების პრევენციისათვის. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ამ ნივთიერებებით გაჯერებული ქათმის დადებული კვერცხი, ძროხის რძე თუ ხორცი ასევე შეიცავს ანტიმიკრობული პრეპარატების ნარჩენებს:
„ანტიმიკრობული პრეპარატების სისტემატური მოხმარების შედეგად, ადამიანის ორგანიზმი მათ ეჩვევა და კრიტიკულ სიტუაციებში, როცა ისინი აუცილებელია დაავადებების სამკურნალოდ და სიცოცხლის გადასარჩენადაც კი, უკვე შედეგი აღარ მოაქვს. ამ მოვლენას ანტიმიკრობულ რეზისტენტულობას უწოდებენ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ანტიმიკრობული რეზისტენტულობა 2019 წელს მსოფლიოში 1.27 მლნ ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა და თანამედროვე ჯანდაცვის წინაშე არსებულ ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემადაა მიჩნეული“, – აცხადებენ ორგანიზაციაში.
momxmarebeli.ge-ს თქმით, შეგროვებული თანხით მოხდება შეძენა და შემოწმება საქართველოს მაღაზიებში გაყიდული, ძირითადად, დიდი ფერმების კვერცხების. მათი თქმით, ზოგადი სურათის დასანახად საკმარისი იქნება სულ მცირე 15 ნიმუშის 3 ნივთიერებაზე შემოწმება, რისთვისაც, ჯამში, 5 000 ლარამდეა საჭირო.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ შემოწირული თანხების დეტალური ანგარიშგება, ლაბორატორიული კვლევის შედეგები და სხვა სიახლეები გამოქვეყნდება momxmarebeli.ge-ს ვებსაიტზე და ფეისბუქის გვერდზე. ასევე, ჩატარდება შეხვედრები რეგიონებში საზოგადოებისათვის საინტერესო კითხვებზე პასუხის გასაცემად.
შემოწირულობის გაღება შესაძლებელია საბანკო ბარათის მეშვეობით, ბმულზე https://www.momxmarebeli.ge/me/sponsor,
ან თანხის შემდეგ საბანკო ანგარიშებზე შეტანით:
- თი-ბი-სი ბანკი: GE53TB7606836020100005
- საქართველოს ბანკი: GE65BG0000000161129735.
- დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ https://www.momxmarebeli.ge/articles/all/6794.
ქრაუდფანდინგის კამპანია #იცოდერასჭამ მიმდინარეობს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).