ახალი ამბები

კინოინდუსტრიის წარმომადგენლები პარლამენტს მიმართავენ

2 მაისი, 2023 • 705
კინოინდუსტრიის წარმომადგენლები პარლამენტს მიმართავენ

ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლები პარლამენტს ღია წერილით მიმართავენ და ითხოვენ ჩართულობას, რათა მაუწყებლობის შესახებ კანონში ევროკომისიის მიერ რეკომენდებული ცვლილებები დროულად იქნას გათვალისწინებული.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ პარლამენტს ცვლილებების შესატანად ვადა 31 მაისამდე აქვს და მათი შეუსრულებლობის შემთხვევაში ქართული აუდიოვიზუალური და სექტორთაშორისი მიმართულებები (მათ შორის კინო და მედია) დაკარგავს წვდომას შემოქმედებითი ევროპის MEDIA და ინტერსექტორულ მიმართულებებზე, რაც ნიშნავს მოწყვეტას ევროპული პროფესიული კავშირებიდან და მნიშვნელოვანი დაფინანსების წყაროდან.

ხელმომწერების თქმით, 2015-2020 წლებში პროგრამის დაფინანსებით საქართველოში 33 წარმატებული პროექტი განხორციელდა, ხოლო ახალი პროგრამის „შემოქმედებითი ევროპა 2021-2027“ პირველივე წელს 6 ქართული პროექტი დაფინანსდა.

განცხადების ავტორები აღნიშნავენ, რომ დღეს საქართველო MEDIA მიმართულების ნაწილობრივი წევრია და მონაწილეობის მიღება დაფინანსების შემდეგ სქემებში შეუძლია: კინოგანათლება და აუდიტორიის განვითარება, კინოფესტივალები, კინოფესტივალების ქსელები, ტრენინგები:

„დირექტივის განხორციელება საქართველოს არა მხოლოდ MEDIA მიმართულების ნაწილობრივ წევრობას შეუნარჩუნებს, არამედ საშუალებას მისცემს გახდეს მიმართულების სრული წევრი, რისკენაც წლებია მივისწრაფვით ქართული კინოინდუსტრიის პროფესიონალები. მაუწყებლობის შესახებ კანონის ევროკავშირის სტანდარტთან მიახლოება კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად შესასრულებელი 12-პუნქტიანი გეგმის ნაწილია“, — აცხადებენ ხელმომწერები.

დოკუმენტის ხელმომწერების თქმით, ვინაიდან დოკუმენტების წარსადგენად მცირე დროა დარჩენილი, კინოინდუსტრიის წარმომადგენლები მზად არიან აქტიურად ითანამშრომლონ პარლამენტთან:

„Ჩვენ, დოკუმენტზე ხელის მომწერი ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლები, მზად ვართ, შევქმნათ კინო-პროფესიონალების სამუშაო ჯგუფი, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად ჩაერთვება აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობის პროცესში, რაც დააჩქარებს პროცესს და ხელს შეუწყობს მის სრულფასოვნებას. ამიტომაც ვიმედოვნებთ, გაითვალისწინებთ ჩვენს მზაობას ამ კანონზე სამუშაოდ, რათა მოცემულ ვადებში შევძლოთ ჩვენთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტის დასრულება“, — ვკითხულობთ განცხადებაში.

განცხადების სრულ ტექსტს და ხელმომწერების სიას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი