ახალი ამბები

“დემოკრატიის ძირგამომთხრელი იქნება” – მდინარაძე “ოცნების” ლიდერების შესაძლო სანქცირებაზე

2 მაისი, 2023 • 854
“დემოკრატიის ძირგამომთხრელი იქნება” – მდინარაძე “ოცნების” ლიდერების შესაძლო სანქცირებაზე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, თუ მას, ირაკლი კობახიძესა და შალვა პაპუაშვილს სანქციებს დაუწესებენ, ეს დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელი იქნება.

ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ შალვა პაპუაშვილი, ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძე სანქცირების პრეტენდენტები უნდა გახდნენ, რადგან ისინი არიან მთავარი პირები, ვინც სასამართლოსთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ხელს უშლიან.

მდინარაძის თქმით კი, ოპოზიციის მხრიდან მათ სანქცირებაზე საუბარი “მდაბიოობაა”.

“არასერიოზულია და წარმოიდგინეთ, რამხელა მდაბიობაა, კოლეგას გვერდზე რომ უზიხარ, მის დასანქცირებას სთხოვ სხვა ქვეყნის პოლიტიკოსებს. ჩვენ შორის განსხვავება ესაა – ჩვენ ვლაპარაკობთ “ქართული ოცნების” სახელით და ისინი ლაპარაკობენ და იმუქრებიან სხვა ქვეყნის პოლიტიკოსების სახელით.

ეს თან სისულელეა. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ პოლიტიკოსებს სანქციებს უწესებენ პროცედურული საკითხების გამო? – თუ ამასთან მივედით მართლა, ეს იქნება მსოფლიოს დემოკრატიის ისტორიაში უპრეცედენტო მოვლენა, რომ ამაზე სერიოზულად დაიწყო ვიღაცამ მსჯელობა. წარმოუდგენელი იქნება და დემოკრატიის ძირგამომთხრელ საქმიანობაზე რომ იყო ლაპარაკი, ამაზე მეტი არ შეიძლება”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელმაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სავარაუდო სამართალდარღვევები უნდა შეისწავლოს, პარლამენტში ოპოზიციის მიერაა ინიცირებული. თუმცა კომისიის შექმნას „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგება. ამიტომ მათ საგამოძიებო კომისიის შექმნისთვის კენჭისყრა სამჯერ ჩაშალეს.

კერძოდ, იმისათვის, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, პარლამენტში კენჭისყრა უნდა გაიმართოს და საკითხს მხარი, მინიმუმ, 50-მა დეპუტატმა დაუჭიროს. კენჭისყრამდე კი საჭიროა სხდომაზე, სადაც მას კენჭი ეყრება, ქვორუმი შედგეს, რომლისთვისაც რეგისტრაცია, მინიმუმ, 76-მა დეპუტატმა უნდა გაიაროს.

თუმცა საპარლამენტო ოპოზიციაში 76 დეპუტატი არაა. ამით სარგებლობდა საპარლამენტო უმრავლესობა და იმისათვის, რომ კომისია არ შეიქმნილიყო, კენჭისყრამდე რეგისტრაციის გავლაზე უარს ამბობდა და, შესაბამისად, საჭირო ქვორუმი არ იკრიბებოდა და კომისიის შექმნას კენჭი ვერ ეყრებოდა.

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი