ახალი ამბები

ძაღლს, რომელმაც მარტვილში 20-ზე მეტი ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა

28 აპრილი, 2023 • 1653
ძაღლს, რომელმაც მარტვილში 20-ზე მეტი ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა

ძაღლს, რომელმაც მარტვილში რამდენიმე ადამიანი დაკბინა, ცოფი დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს განცხადებით, მიუსაფარი ძაღლის მიერ ადამიანების დაკბენის შემთხვევა მარტვილში 24 აპრილს დაფიქსირდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს თქმით, ვეტერინარებმა მყისიერად დაიწყეს შესაბამისი ღონისძიებები და ძაღლი მეთვალყურეობის მიზნით ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც ცხოველი დაიღუპა, ლაბორატორიული კვლევების შედეგად კი ცოფი დაუდასტურდა.

„სააგენტოს ვეტერინარები დღეიდან უკვე ახორციელებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ღონისძიებებს, რაც გულისხმობს ამთვისებელი ცხოველების იძულებით ვაქცინაციას, სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარებას და თვითმმართველობასთან კოორდინაციით საკარანტინო შეზღუდვების დაწესებას“, — ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც „თაიმერი“ წერს, საუბარია 20-ზე მეტ ადამიანზე, რომელიც ძაღლმა დაკბინა. გამოცემა მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორზე, როზა ჯანაშიაზე დაყრდნობით აცხადებს, რომ დაზარალებულებს ცოფის საწინააღმდეგო პირველი აცრა უკვე გაუკეთდათ, თუმცა, მისივე თქმით, 22-დან ორი პირი მკურნალობაზე უარს აცხადებს.

მარტვილში მომხდარი წელს საქართველოში ცოფის ერთადერთი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არაა. მანამდე ცოფის სამი შემთხვევა გამოვლინდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე. სამივე შემთხვევაში ვირუსი ძაღლს დაუდგინდა და აღნიშნულიდან გამომდინარე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი