ახალი ამბები

“დავთვალე და 3 კაცი იყო დარბაზში” – კალაძე UK-ის პარლამენტში გამართულ დებატებზე

28 აპრილი, 2023 • 1323
“დავთვალე და 3 კაცი იყო დარბაზში” – კალაძე UK-ის პარლამენტში გამართულ დებატებზე

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე აცხადებს, რომ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოსთან დაკავშირებით გამართულ დებატებს სამი კაცი ესწრებოდა, რაც საქართველოს მიმართ დამოკიდებულებაზე მიუთითებს.

საუბარია გუშინ, 27 აპრილს, ბრიტანეთის პარლამენტში გამართულ დებატებზე, რომელიც საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასა და უსაფრთხოების გამოწვევებს შეეხებოდა.

„ლორდთა პალატა საოცრება იყო, “გადავსებული” დარბაზი და განცხადებები იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება დემოკრატიის თვალსაზრისით საქართველოში. ესეც ნათელი მაგალითია და მიუთითებს მათ დამოკიდებლებაზე საქართველოს მიმართ. დავთვალე და სამი კაცი იყო დარბაზში, არ ვიცი, ახლა ეს… თუმცა გასაგებია.

ერთია, ვიღაცა რას ამბობს საქართველოზე და მეორეა რეალობა. რა ხდებოდა 2012 წლამდე, 2012 წელი საქართველოს უახლეს ისტორიაში არის წყალგამყოფი – რა ვითარება იყო იმ წლებში, როცა „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიანი რეჟიმი მართავდა ქვეყანას და რა- 2012 წლის შემდეგ, რა მიღწევები გვაქვს და რა ნაბიჯებია გადადგმული, ჰკითხეთ ხალხს… მარტივია შედარება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რა თქვეს დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოზე?

საქართველოზე დებატების გამართვის ინიციატორი ბრიტანეთის კონსერვატიული პარტიის წევრი ადამ ჰოლოუეი იყო, რომელმაც „ქართული ოცნება“ გააკრიტიკა და მას „პუტინის მომხრე, პრორუსული ჯგუფი“ უწოდა.

მისი თქმით, უკრაინა არ არის ერთადერთი ქვეყანა რეგიონში, რომელიც დაუცველია რუსული აგრესიის მიმართ.

„საქართველოში ამჟამინდელი მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არის პუტინის მომხრე, პრორუსული ჯგუფი, რომლის ხელმძღვანელობა რისკავს, რომ საქართველო გახდეს რუსეთის მარიონეტი გლობალური უსაფრთხოებისთვის ამ კრიტიკულ სივრცეში. პარტია „ქართული ოცნება“ დაარსების დღიდან იყო ორგანიზაცია, რომელიც რუსეთის მიმართ სიმპათიითა განწყობილი და სულ უფრო კონტროლდება რუსეთის ხელისუფლების მიერ, მაშინ, როცა აცხადებს, რომ ის დასავლური და დემოკრატიულია.

მისი დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, არის ოლიგარქი, რომელმაც, გავრცელებული ინფორმაციით, ფულს რუსული გარიგებებით იშოვა. სავარაუდოა, რომ მან თავისი სიმდიდრე გამოიყენა ხმების საყიდლად და თავისი ერთგული პირების საქართველოს მთავრობაში დასასმელად. მიუხედავად იმისა, რომ მას ამჟამად თანამდებობა არ უკავია, მას დიდი გავლენა აქვს საქართველოს ინსტიტუტებზე“, – განაცხადა ადამ ჰოლოუეიმ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მთავრობა საბოტაჟს უწყობს ქვეყნის მიერ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო კრიტერიუმების შესრულებას.

როგორც ადამ ჰოლოუეიმ განაცხადა, ბრიტანეთმა უნდა დაგმოს „ყოფილი პრეზიდენტის სააკაშვილის მიმართ არაადამიანური და არაკანონიერი მოპყრობა და მოითხოვოს, რომ მის ჯანმრთელობაზე დამოუკიდებელ ექსპერტებმა იზრუნონ“.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი