ახალი ამბები

ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ კაცს პატიმრობა შეეფარდა

27 აპრილი, 2023 • 1401
ცოლზე ძალადობაში ბრალდებულ კაცს პატიმრობა შეეფარდა

რენატა ბეგიაშვილზე ძალადობაში ბრალდებულ შალვა იაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ამის შესახებ ინფორმაცია ნეტგაზეთს სასამართლოში დაუდასტურეს.

პროკურატურის ინფორმაციით, ოჯახში ძალადობის ბრალდებით შალვა იაშვილი 25 აპრილს დააკავეს. უწყების ცნობით, ბრალდებულმა 22 აპრილს ქალზე ფიზიკურად იძალადა, რა დროსაც სახის არეში მიაყენა დაზიანებები.

მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია).

24 აპრილს ქალმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ყვებოდა, რომ წლებია მისი შვილების მამის, შალვა იაშვილის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია. თავად შალვა იაშვილი აღნიშნულ განცხადებას ასევე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და უარყო ბრალდება.

შალვა იაშვილის შემდეგი სასამართლო პროცესი 15 ივნისს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი