ახალი ამბები

პოლიციამ გამოძიება დაიწყო ქალზე ძალადობის საჯარო განცხადებაზე

24 აპრილი, 2023 • 1324
პოლიციამ გამოძიება დაიწყო ქალზე ძალადობის საჯარო განცხადებაზე

ახალგაზრდა ქალის, რენატა ბეგიაშვილის საჯარო პოსტის შემდეგ, სადაც კაცს სავარაუდო ძალადობაში ამხელს, პოლიციამ გამოძიება დაიწყო. შსს-ს ცნობით, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს.

ნეტგაზეთის ინფორმაციით, პოლიციის თანამშრომლები ქალთან სახლში იმყოფებოდნენ, სავარაუდოდ, გამოკითხვის მიზნით.

დღეს, 24 აპრილს, ქალმა ფეისბუქზე გამოაქვეყნა პოსტი, სადაც ყვებოდა, რომ წლებია მისი შვილების მამის, შალვა იაშვილის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია.

“ბევრი ვიფიქრე, ეს გამეკეთებინა თუ არა და ხმამაღლა მესაუბრა თუ არა.. და ვფიქრობ, თამამად შემიძლია ეს გავაკეთო! სიბრალული არ მჭირდება. უბრალოდ ძალიან ბევრი ქალი არის, ვისზეც ძალადობენ არაკაცი არსებები. მე ბევრი წელი ვიყავი ძალადობაში, ჩემი შვილის მამაა ვითომ კაცი… სახელი, გვარი შალვა იაშვილია… ბევრის მეგობარი, ორი შვილია მამა, თვითონაც შვილი ჰყავს და! ნეტა როგორ მოიქცეოდა, თავად რომ ენახა მისი უახლოესი საყვარელი ქალი ესეთ მდგომარეობაში რომ! რას მოიმოქმედებდა.

ბევრი წელი ჩუმად ვიყავი.. პოლიციაში არ მინდა წასვლა, მეშინია, ჩემი შვილის მამას ცხოვრება არ დავუნგრიო, არ ვარ ეგ ადამიანი. მე მწამს ღმერთის და მჯერა მისი.. მჯერა, რომ ყველა მოძალადე კაცი და ადამიანი დაისჯება. არცერთი მიზეზი არაა გამართლებული, ჩემს თავს სარკეში რომ ვუყურებ. იცოდეთ მისმა მეგობრებმა და არა მეგობრებმა. ისაა ფარული მოძალადე, საშიშია შვილისთვის, საზოგადოებისთვის! ძალიან ბევრი წელი დავკარგე და ძალიან ბევრი მოვითმინე შვილისთვის, მაგრამ ეს ბოლო წვეთია, ცრემლის ნაცვლად თვალიდან სისხლი მდის. სული მტკივა, მაგრამ მჯერა, ძალიან კარგად ვიქნებით მე და სანდრაც!”, – დაწერა ქალმა პოსტში, რომელსაც დაურთო ფოტო, სადაც მასზე ძალადობის შედეგად დაზიანებებია ნაჩვენები.

თავად შალვა იაშვილი აღნიშნულ განცხადებას ასევე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და უარყო ბრალდება.

ნეტგაზეთი ასევე დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს. დამატებითი ინფორმაციის მიღების შემდეგ მასალა განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი