ახალი ამბები

საბა ბუაძე მერიას მოუწოდებს, წარადგინონ კვლევა, რის საფუძველზეც ტაქსები ბასლეინებზე დაიშვებიან

26 აპრილი, 2023 • 861
საბა ბუაძე მერიას მოუწოდებს, წარადგინონ კვლევა, რის საფუძველზეც ტაქსები ბასლეინებზე დაიშვებიან

“ლელოს” წევრი, დედაქალაქის საკრებულოს დეპუტატი საბა ბუაძე აკრიტიკებს A კატეგორიის ტაქსებისთვის ბასლეინებზე გადაადგილების უფლების დაშვებას და აცხადებს, რომ ეს გაზრდის ავტობუსებისთვის დაყოვნების დროს. ამის შესახებ მან დღეს, 26 აპრილს, საკრებულოში ბრიფინგზე ისაუბრა.

ბუაძე მავნებლურ და გაუაზრებელ ინიციატივას უწოდებს თბილისში აღნიშნულ ცვლილებას და ამბობს, რომ ეს ინიციატივა კიდევ უფრო გაართულებს ისედაც ძალიან მძიმე მდგომარეობაში მყოფ სატრანსპორტო ვითარებას.

“კიდევ უფრო მეტად გაღრმავდება ის სატრანსპორტო ქაოსი, რაც თბილისშია და ეს ქაოსი ახლა გავრცელდება ბასლეინებზე და ავტობუსის ზოლებზე, რომელიც, წესით, ყველაზე უფრო მოწესრიგებული და გამართული ნაწილი უნდა იყოს ჩვენი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის. ძალიან დიდი ალბათობით ეს დაყოვნების დროს გაზრდის ერთი წერტილიდან მეორემდე. კიდევ უფრო მეტად გაართულებს და დატვირთავს ბასლეინებს, რომელიც ისედაც საკმაოდ დატვირთულია, და სატრანსპორტო რეფორმას დამატებით ჩრდილს მიაყენებს”, — განაცხადა ბუაძემ.

ის თბილისის მერიას მოუწოდებს, წარადგინონ კვლევები, რომელზე დაყრდნობითაც მიიღეს ეს გადაწყვეტილება და დაუსაბუთონ საზოგადოებას, რომ ავტობუსის ზოლში A კატეგორიის ტაქსების მოძრაობა ავტობუსის გადაადგილებას არ შეაფერხებს.

“თბილისის მერიას მოვუწოდებ, წარმოადგინონ ის გაანგარიშება და გათვლები, რას ეფუძნებოდა ამ მავნებლური, ნაჩქარევი და გაუაზრებელი გადაწყვეტილების მიღება”, — აღნიშნა ბუაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი