ახალი ამბები

„ქართველმა ტროლებმა რუსებსაც კი აჯობეს“ – ფონ კრამონი მის შესახებ გავრცელებულ „ფეიკებზე“

26 აპრილი, 2023 • 1759
„ქართველმა ტროლებმა რუსებსაც კი აჯობეს“ – ფონ კრამონი მის შესახებ გავრცელებულ „ფეიკებზე“

ევროპარლამენტის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ ქართველმა „ტროლებმა“ რუს „ტროლებსაც“ კი აჯობებს. ასე გამოეხმაურა  იგი დიტო ჩუბინიძის მტკიცებას, თითქოს ფონ კრამონი ნაცისტური გერმანიის მაღალჩინოსნის, ჰერმან გერინგის შთამომავალია, და ხელოვნური ინტელექტით შექმნილ ვიდეოს, რომელშიც თითქოს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფება.

ფონ კრამონი ხაზს უსვამს, რომ ამ ყალბ ინფორმაციას „ძირითადად“ მმართველი პარტიის მხარდამჭერები აზიარებენ და ეჭვობს, რომ ფეიკების დამკვეთი, სავარაუდოდ, სწორედ მმართველი გუნდია.

ფონ კრამონმა ამ „ფეიკებთან“ დაკავშირებით ვიდეომიმართვაც ჩაწერა, რომელსაც თან ახლავს ქართული სუბტიტრებიც.

როგორც ევროპარლამენტარი ამბობს, მისი ქალიშვილობის გვარის Gehring და ნაცისტი მაღალჩინოსნის გვარის (Göring) გაიგივება მხოლოდ შეიძლება ამ ორის რუსული თარგმანის გამოყენების შემთხვევაში. ფონ კრამონი ხაზს უსვამს, რომ არაფერი აქვს საერთო გერინგთან.

გარდა ამისა, ფონ კრამონი ამბობს, რომ მეორე ვიდეო, რომელშიც თითქოს ნასვამ მდგომარეობაშია, ხელოვნური ინტელექტის, „დიფფეიკის“ გამოყენებითაა შექმნილი.

„ვფიქრობ, უმჯობესია ღია პოლიტიკური დისკუსიების გამართვა შეთითხნილი ვიდეოების გავრცელების ნაცვლად“, – ამბობს ევროპარლამენტარი და მადლობას უხდის ფაქტ-ჩეკერებს, რომლებმაც დეზინფორმაცია გამოააშკარავეს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი