ახალი ამბები

მარნეულში სამი მოსწავლე სკოლიდან კლინიკაში გადაიყვანეს

25 აპრილი, 2023 •
მარნეულში სამი მოსწავლე სკოლიდან კლინიკაში გადაიყვანეს

მარნეულში, ერთ-ერთ სკოლაში სამი ბავშვი შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია “ნეტგაზეთს” მარნეულის რესურსცენტრის უფროსმა, ხანალი გაჰრამანოვმა დაუდასტურა.

თავდაპირველად მოსწავლეების შეუძლოდ ყოფნის შესახებ ინფორმაცია გამოცემა Aktual.ge-მ გაავრცელა. გამოცემის ინფორმაციით, მოსწავლეები სკოლაში გარედან მოხვედრილი ბუნებრივი აირის შედეგად მოიწამლნენ.

მარნეულის რესურსცენტრის უფროსის თქმით, სკოლაში ბუნებრივი აირის გაჟონვა არ მომხდარა და არ აქვს ინფორმაცია, თუ რის შედეგად გახდნენ მოსწავლეები შეუძლოდ.

“გაზის გაჟონვა სკოლიდან არ მომხდარა. ფანჯრები ღია იყო და ბავშვებმა თავი შეუძლოდ იგრძნეს. ახლა კარგად არიან. მხოლოდ ეს სამი ბავშვი გახდა ცუდად. არ ვიცით, რის შედეგად დაემართათ”, – განაცხადა მან ნეტგაზეთთან.

“მთავარ არხთან”, სავარაუდოდ, სკოლის თანამშრომელმა ქალმა განაცხადა, რომ მანამ, სანამ მოსწავლეები შეუძლოდ იგრძნობდნენ თავს, სკოლის შენობაში ბუნებრივი აირის სუნი იდგა:

“ეზოდან შემოვიდა გაზის სუნი მთელ სკოლაში. ქუჩაშიც იყო. ბავშვები ცუდად გახდნენ. ღებინების შეგრძნება ჰქონდათ, მაგრამ არ უღებინებიათ. მაშინვე გამოვიძახეთ სასწრაფო და გადაიყვანეს”, – უთხრა თანამშრომელმა ნეტგაზეთს.

ნეტგაზეთი ინფორმაციის გადამოწმებას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრსა და შინაგან საქმეთა სამინისტროშიც შეეცადა. ინფორმაციის მიღებისთანავე სტატია განახლდება.

გარეკანის ფოტო: “მთავარი არხი”

მასალების გადაბეჭდვის წესი