ახალი ამბები

„ბურთი საქართველოს მოედანზეა“ — EU-ს საგარეო მინისტრები

24 აპრილი, 2023 • 810
„ბურთი საქართველოს მოედანზეა“ — EU-ს საგარეო მინისტრები

„ბურთი საქართველოს მოედანზეა და თამაში ამ დრომდე არ მიმდინარეობს“, — განაცხადა ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა საქართველოს შემდგომი ევროინტეგრაციის შესახებ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა საქართველოს შესახებ კითხვებს ლუქსემბურგში, საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე უპასუხეს.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი, ლიეტუვის საგარეო საქმეთ მინისტრი:

„ქართველ მინისტრს შანსი ექნება, წარადგინოს რეფორმები. ვფიქრობ, რომ მას ბევრ კითხვას დაუსვამენ. ამ დრომდე ოპტიმიზმის საფუძველი არ გვქონია. მაგრამ, როგორც ყოველთვის, განსაკუთრებით ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ერთგული ვრჩებით საქართველოს ტრანსატლანტიკური გზის. თუმცა, როგორც უკვე ვთქვი, ბურთი ქართულ მოედანზეა. მათ უნდა ითამაშონ“.

იტალიის ვიცე-პრემიერი და საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრის ანტონიო ტაიანი:

„მე შევხვდი საგარეო საქმეთა მინისტრს ორი დღის წინ რომში. საქართველო მნიშვნელოვანია სტაბილურობისთვის, ჩვენ ვემხრობით საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირში და კანდიდატის სტატუსს“.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იან ლიპავსკი:

„საქართველოს ბევრი საშინაო დავალება აქვს შესასრულებელი. საქართველოს ვუსურვებ ევროპულ გზას და ვისურვებდი, რომ მასში მონაწილეობა მთელმა საზოგადოებამ შეძლოს. ეს იქნება მთავარი გზავნილი, რომელიც დღეს მექნება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისთვის“.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა:

„ძალიან მნიშვნელოვანია იმის თქმა, რომ საქართველო ჩვენთანაა. რა თქმა უნდა, გვაქვს განცხადებები ამასთან დაკავშირებით. ესტონეთი წლების განმავლობაში მხარს უჭერდა საქართველოს. ჩვენ კარგი მეგობრები ვართ. მაგრამ საქართველო პირნათელი უნდა იყოს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის მიმრთ. ეს არის კითხვები, რომლებსაც ჩვენ დავსვამთ: „რა პროცესი მიმდინარეობს?“ ჩვენ 100%-ით მხარს ვუჭერთ საქართველოს და ეს გავაკეთეთ, მაგრამ არის გარკვეული ნაბიჯები, რაც საქართველოს მთავრობამ უნდა გადადგას, რადგან ბევრი კითხვა გვაქვს დემოკრატიულ ვითარებასთან დაკავშირებით“.

ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პეკა ჰაავისტო:

„საქართველომ უნდა შეასრულოს შიდა სიტუაციის სტაბილიზაციის პირობა. მე ვესაუბრე ქართველ პოლიტიკოსებს. რასაც ჩვენ ველოდებით ისაა, რომ საქართველომ დაიცვას ევროკავშირის დირექტივები და მხარი დაუჭიროს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკას“.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ბოგდან აურესკუ:

„მე მხარი დავუჭირე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოწვევას საგარეო საქმეთა საბჭოზე. მნიშვნელოვანია იმის განხილვა, თუ როგორ წავახალისოთ საქართველო რეფორმების პროცესის გაგრძელებაში, განსაკუთრებით მართლმსაჯულების სფეროში“.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჟოზეფ ბორელმა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას თავმჯდომარეობს, თქვა, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა, რომელსაც აქვს სპეციფიკური უსაფრთხოების გამოწვევები, რადგან მისი ტერიტორია ნაწილობრივ ოკუპირებულია რუსეთის მიერ.

ლუქსემბურგში მიმდინარე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ფარგლებში სამუშაო ლანჩი გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან.

მასალების გადაბეჭდვის წესი