ახალი ამბები

პესკოვის შვილი ირწმუნება, რომ ექვსი თვე უკრაინაში „ვაგნერის“ რიგებში ომობდა

24 აპრილი, 2023 • 1063
პესკოვის შვილი ირწმუნება, რომ ექვსი თვე უკრაინაში „ვაგნერის“ რიგებში ომობდა

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის შვილი ნიკოლაი ირწმუნება, რომ ექვსი თვის განმავლობაში უკრაინაში, „ვაგნერის“ ჯგუფის რიგებში იბრძოდა, იუწყება „ბი-ბი-სი“.

„ეს ჩემი ვალი იყო… არ შემეძლო ასე ჯდომა და ყურება, როგორ მიდიოდნენ [საომრად] ჩემი მეგობრები და სხვები“, – განაცხადა მან რუსულ სამთავრობო „კომსომოლსკაია პრავდასან“- ინტერვიუში.

ნიკოლაი პესკოვის თქმით, არ იცოდა, როგორ გაწევრიანებულიყო „ვაგნერში“ და დახმარება მამას სთხოვა, ხოლო თანამებრძოლებს მისი ნამდვილი ვინაობა რომ არ გაეგოთ, ყალბი დოკუმენტები გამოიყენა.

მისი განცხადება ემთხვევა რუსეთში ჯარში ელექტრონულად გაწვევის დაწყებას.

„ვაგნერის“ ჯგუფის დამფუძნებელი ევგენი პრიგოჟინიც ამბობს, რომ პესკოვის შვილი უკრაინაში იბრძოდა და „სხვების მსგავსად, გამოავლინა სიმამაცე და გმირობა“; მისივე თქმით, დიმიტრი პესკოვმა შვილის „რიგით არტილერისტად“ განწესება ითხოვა.

2022 წლის სექტემბერში, პუტინის მიერ „ნაწილობრივი მობილიზაციის“ გამოცხადების შემდეგ, ოპოზიციურად განწყობილმა ჟურნალისტებმა ნიკოლაი პესკოვს დაურეკეს და ჰკითხეს, რატომ არ გამოცხადდა კომისარიატში. პუტინის პრესსპიკერის შვილმა უპასუხა, რომ „პესკოვია“ და „საქმეს სხვა დონეზე მოაგვარებდა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი